დისტოპიური ჟანრი ლიტერატურასა და კინოში

დისტოპიური ჟანრი ლიტერატურასა და კინოში

რუსუდან ინასარიძე

სამაგისტრო ნაშრომი წარდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების მოთხოვნის შესაბამისად




პროგრამა
შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ბელა წიფურია, დოქტორი, პროფესორი.




ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი, 2016



განაცხადი

როგორც წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი წარმოადგენს ჩემს ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო წესების შეაბამისად.

რუსუდან ინასარიძე
თარიღი:












აბსტრაქტი

ნაშრომში წარმოდგენილია ანტიუტოპიური ჟანრის ჩამოყალიბების პროცესები და მისი გავლენა ლიტერატურასა და კინემატოგრაფიაზე. ამიტომ ნაშრომის მიზანია შეადაროს/შეაპირისპიროს ერთმანეთს ლიტერეტურული ტექსტები და ფილმები და დაადგინოს მათ შორის მსგავსება-განსხვავებები და გამოკვეთოს ჟანრული მახასიათებლები. კერძოდ, განვიხილავთ ჯორჯ ორუელის რომანს 1984 და მის მიხედვით გადაღებულ   მაიკლ რედფორდის ფილმს 1984.  და რეი ბრედბერის რომანს 451 გრადუსი ფარენჰაიტით და შევადარებთ ამავე სახელწოდების ფრანსუა ფრიუტოს ფილმს.
კვლევა წარიმართა სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით. გამოვიკვლიეთ ჩვენ მიერ შერჩეულ რომანებსა და ფილმებში ანტიუტოპიური ჟანრის მახასიათებლები და მათი გადმოცემის ხერხები.
ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ წარმოაჩინა ლიტერატურულ ტექსტებში გამოყენებული ანტიუტოპიური ჟანრის მახასიათებლების გადასვლა და გამოსახვა კინემატოგრაფიაში სხვადასხვა საშუალებებით.
ანტიუტოპიურმა ჯანრმა ლიტერატურიდან გადაინაცვლა კინემატოგრაფიაში, რამაც შექმნა ახალი ტალღა, წარმოეჩინა და დაპირისპირებოდა ტოტალიტარულ რეჟიმს, რომელიც გასული საუკუნეში კაცობრიობის  მთავარ საფრთხეს წარმოადგენდა.
ძირითადი საძიებო სიტყვები: ტოტალიტარული რეჟიმი, ანტიუტოპია, ინტერმედიალობა.




Abstract

The processes of anti-utopian genre and its influence upon literature and cinematography are represented in the Manuscript. Based on the previously mentioned, purpose of the Manuscript is to compare/correlate literal texts and movies, establish simulation-distinction between them and identify scenic characteristics. Particularly, we discuss the novel of George Orwell (1984) and the movie shot on its basis by Michael Redford and the novel of Ray Bradbury 451 Fahrenheit and compare it with the film with the same title by Francois Friton.
The research was guided based on the scientific literature. We have learnt characteristics of anti-utopian genres in the selected novels and movies and the methods of their representation.
The study conducted by us identified transfer of the characteristics of anti-utopian genre used in the literature and its expression in the cinematography by using diversified means.
Anti-utopian genre transferred from the literature to the cinematography, forming new wave of identifying and confronting to the totalitarian regime, forming main threats of the humankind, during last century.
Main keywords: totalitarian regime, anti-utopia, intermediality.






სარჩევი



შესავალი


ანტიუტოპია თანამედროვე ლიტერატურის თეორიის ერთ-ერთი აქტუალური თემაა. იგი მე-20 საუკუნეში გაფორმდა, როგორც ჟანრი. ის  არაერთი თანამედროვე მკვლევრის ყურადღების ცენტრში მოექცა და დღემდე ჩამოყალიბებისა და შესწავლის პროცესშია.
მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი კაცობრიობისთვის დიდი ცვლილებების ხანა იყო. შეიცვალა მოსახლეობის წეს-წყობა და სხვადასხვა ქვეყანაში გაბატონდა ტოტალიტარული რეჟიმი, სწორედ ამ პროცესებმა გამოიწვიეს  ლიტერატურაში ახალი ჟანრის ჩამოყალიბება. იწერება ანტიუტოპიური ჟანრის რომანები: ევგენი ზამიატინის ჩვენ; ოლდოს ჰაქსლის საოცარი ახალი სამყარო; ჯორჯ ორუელის 1984 ; რეი ბრედბერის 451 გრადუსი ფარენჰაიტით და სხვები. ამ რომანებმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
ანტიუტოპიურმა ჟანრმა კინოხელოვნებაზეც დიდი გავლენა მოახდინა. ამიტომ მე-20 საუკუნის მეორე  ნახევრიდან არაერთმა რეჟისორმა დაიწყო ამ რომანების მიხედვით ფილმების გადაღება.
ჩვენ განვიხილავთ ჯორჯ ორუელის რომანს 1984 და შევადარებთ ამავე ნაწარმოების მიხედვით გადაღებულ მაიკლ რედფორდის ფილმს,  ასევე,  განვიხილავთ რეი ბრედბერის რომანს 451 გრადუსი ფარენჰაიტით და შევადარებთ მის მიხედვით გადაღებულ ფრანსუა ფრიუტოს  ფილმს. ნაშრომის მიზანია აჩვენოს ანტიუტოპიური ჟანრის გავლენა ლიტერატურასა და კინოხელოვნებაზე. კერძოდ, რა ნიშან-თვისებებით გამოვლინდა იგი ხელოვნების სხვადასხვა დარგში. ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ თუ რა გავლენა მოახდინა ტოტალიტარული რეჯიმის ჩამოყალიბებამ ამ მწერლების შემოქმედებაზე და რა ფორმით ცდილობენ ისინი საზოგადოებას აჩვენონ ტოტალიტარული რეჟიმის დამანგრეველი ძალა.
ნაშრომი ეყრდნობა ირმა რატიანის კვლევას ქრონოტოპი ანტიუტოპიურ რომანში, რომელშიც სიღრმისეულად არის გამოკვლეული ანტიუტოპიური ჟანრის ჩამოყალიბება და მისი ფუნქცია მე-20 საუკუნის ხელოვნებასა და ლიტერატურის განვითარების პროცესში. ამის გარდა, ნაშრომში გამოვიყენებთ ინტერმედიალური თეორიის ასპექტებს და მისი მიხედვით განვიხილავთ ანტიუტოპიური რომანების ეკრანიზაციებს. გამოვიკვლევთ რა ხერხებით ცდილობენ რეჟისორები ფილმში გადმოსცენ მწერლების მთავარი სათქმელი. ასევე, განვიხილავთ თუ რა ფორმით არის გადმოცემული ანტიუტოპიური ჟანრისთვის დამახასიათებელი ასპექტები.
                             
















ტოტალიტარიზმის გავლენა კულტურაზე


ტოტალიტარული რეჟიმი კაცობრიობის მთავარი გამოწვევა იყო, რომელიც გასული საუკუნის ერთ-ერთ დიდ ძალას წარმოადგენდა. ტოტალიტარიზმი არის სახელმწიფოს ისეთი მართვის სისტემა, რომელშიც ჩამოყალიბებულია ერთპიროვნული მმართველობა. იგი მიზნად ისახავს საზოგადოების უსიტყვო მორჩილებას,  რომელშიც არ არსებობს თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება.
ტოტალიტარული მმართველობა შიშის სინდრომის დანერგვით ცდილობდა ხალხის დაშინებას და დამორჩილებას. ადამიანი დაემსგავსა გაწვრთნილ, უუფლებო ცხოველს, რომელსაც  ამ სისტემის ქვეშ არ აქვს განსხვავებული აზრი, რწმენა და არ შეუძლია რეალობის აღქმა.  ტოტალიტარული რეჟიმი ცდილობს ადამიანი დაიმგვანოს და ერთ დიდი მასად აქციოს, ისეთად, როგორიც მას სჭირდება. ამიტომ მან შვა ულმობელი დიქტატურა.
თუ ტოტალიტარული რეჟიმი უზღუდავს ადამიანს თავისუფალ აზრს, რამ შეუწყო ხელი ამ სისტემის ჩამოყალიბებას? რატომ გახდა ეს სისტემა სხვადასხვა ქვეყნებისთვის მისაღები? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მოვიშველიებთ ფსიქოლოგ ბრუნო ბეტელჰეიმის  სტატიას ტოტალიტარიზმის ფსიქოლოგიური მომხიბვლელობის შესახებ, რომელშიც იგი საუბრობს თემაზე, თუ რატომ გახდა ტოტალიტარული რეჟიმი ინდივიდისთვის მისაღები და რა გზებით მოახერხა მან უამრავი, მილიონობით ადამიანის დამორჩილება. ბრუნო ბეტელჰაიმის აზრით, ტოტალიტარული რეჟიმი ინდივიდში აღადგენს მთლიანობის შეგრძნებას და საზოგადოებასთან მიკუთვნებულობას. ამიტომ ეს სისტემა მისთვის მომხიბვლელი ხდებოდა.
 ტოტალიტარიზმის მომხიბლელობა ისაა, რომ მისი აღიარებით თითქოს ახლობლებთან, მთელ სამყაროსთან შეთანხმებით მოქმედებ და თავს უცხოდ აღარ გრძნობ. უფრო ღრმა ამ მაღალი გაგებით კი ტოტალიტარიზმი მომხიბვლელია, რადგან შეუძლია აღადგინოს ადამიანის შინაგანი მთლიანობა, როცა საკუთარი გრძნობების საწინააღმდეგო მოქმედებით მას დარბევის საშიშროება ემუქრება.(ბეტელჰაიმი, 2010, 24)
  მეორე მხრივ, ინდივიდი სასტიკ შინაგან კონფლიქტებს გადაჭრიდა და საზოგადოებასთან ერთად შეხმატკბილებულად იცხოვრებდა.
ტოტალიტარული მიმზიდველობა სწორედ მის დაპირებებშია, რომ სასტიკ შინაგან  კონფლიქტებს გადაჭრი, საზოგადოებასთან თანხმობას მიაღწევ და უსაფრთხოების გრძნობას შეიძენ (ბეტელჰაიმი, 2010, 24) 
ტოტალიტარულ რეჟიმს მართავს დიქტატორი. მისი ფუნქციაა ჩამოაყალიბოს ქვეყანაში ისეთი მართვის სისტემა, რომლის საშუალებითაც იგი დაიმორჩილებს  ხალხს, იბატონებს მათზე და დაუსახავს ცხოვრების გზას.
ტოტალიტარული სახელმწიფოს შენებას, როგორც წესი, ბელადით გაძღოლილი პოლიტიკური ძალა ,,მასალის შერჩევით“ იყენებს: სპობს თავისუფალ, მოაზროვნე, სხვაგვარად მოაზროვნე პიროვნებებს და პოპულაციის ნარჩენებით ქმნის მორჩილ სამართავ მატერიას, რომელსაც მისთვის ადვილად მოსაწონ, გასაგებ მიზანს უსახავს და მიუშვებს მიზნისკენ ( დალაქიშვილი, 2010,  206).
როგორც ვხედავთ, ბელადის უმთავრესი მიზანი იყო ებატონა მასებზე და შეექმნა ისეთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომლითაც გააკონტროლებდა თითოეული ინდივიდის აზროვნებას. იგი მხოლოდ ბრძანებებს ემორჩილებოდა და ამ გზით იძენდა უსაფრთხოების განცდას.
 და რადგანაც ტოტალიტარულ სისტემაში ზე-მეს ყველაზე ძლიერი შემცვლელი ბელადები და მათი წარმომადგენლები არიან და ეს მთელი სისტემაა, მოწონებას მხოლოდ  იმ შემთხვევაში იმსახურებ, თუკი ამ სისტემის  ანარეკლი გახდები. როცა გარედან მიღებულ ბრძანებებს ემორჩილები, დანაშაულის გრძნობა გიქრება, ეს კი უსაფრთხხოების შეგრძნებას გიჩენს. (ბეტელჰაიმი 2010, 23).
აქედან გამომდინარე, ადამიანები ადვილად ექცევიან სახელმწიფო იდეოლოგიის გავლენის ქვეშ, მეტიც, ისინი სახელმწიფოს აღიქვამენ, როგორც მშობელს და მის ბრძანებებს გაუაზრებლად ასრულებენ.
 ნუ დაგავიწყდებათ, რომ ტოტალიტარული სისტემა, ჩვეულებრივ, სასტიკი იერარქიული წყობის საზოგადოებაში ჩნდება - გინდ ფეოდალური იყოს და გინდ პატერნალური. სახელმწიფოს მეთაური, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები/ვთქვათ, პოლიცია, ჯარი მასწავლებელი/, მშობლების ხატის ძლიერ შემცვლელებად , უფრო სწორად კი, ზე-მეს სუროგატებად გვევლინებიან. იგივე ზე-მეს სუროგატი იყო ხელისუფლება, რომელიც ფსიქოლოგიურად მშობლების ხატის ანარეკლი გახლდათ და მისი მოთხოვნები ბავშვობიდან შეთვისებულ მშობელთა ბრძანებებად აღიქმებოდა (ბეტელჰაიმი,2010, 23)
ამგვარად, სახელმწიფო ახორციელებდა სრულ კონტროლს ინდივიდზე, თუმცა საზოგადოებასთან თანხმობის მიღწევა და მშვიდად ცხოვრება ინდივიდს უწევს სულიერი კვდომის მაგივრად.
ამ თანხმობისა და მშვიდობის მიღწევა მხოლოდ დამოუკიდებლობის, თვითპატივისცემისა და ადამიანური ღირსების დაკარგვის ხარჯზე შეიძლება. სიმშვიდის ფასი ტოტალიტარულ სახელმწიფოში სულის კვდომაა ( ბეტელჰაიმი,2010,24)  
ამიტომ მის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს  გაბატონდეს კულტურაზე, რის საშუალებითაც  შეძლებს დაარწმუნოს საზოგადოება სახელმწიფო იდეოლოგიის უპირატესობაში და ჩაახშოს მათში სულიერი მოთხოვნილებები. მე-20 საუკუნის კულტურა მეტ-ნაკლებად მოექცა ტოტალიტარული რეჯიმის ქვეშ. შეეზღუდათ თავისუფალი აზრის გამოხატვა მწერლებს, პოეტებს, მხატვრებს, კინომატოგრაფებს და სხვებს.
            ამ  იდეოლოგიის დამაჯერებლად და სარწმუნოდ წარმოაჩენის ყველაზე ოპტიმალური საშუალება კი იყო, ერთი მხრივ, ხელოვნება, მეორე მხრივ კი ჟურნალისტიკა. უფრო კონკრეტულად - ვიზუალური ხელოვნება, ლიტერატურა და ბეჭვდითი მედია, რომელსაც მოგვიანებით შეუერთდა რადიო, უფრო მოგვიანებით კი ტელევიზია. ეს უკანასკნელი კი გახდა მასებზე, მრავალმილიონიან აუდიტორიაზე ერთდროული ზემოქმედების სრულიად უნიკალური და შეუცვლელი საშუალება.  ( ჩართოლანი,2012, 193)
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ტოტალიტარულ სისტემას ხელი შეუწყო გაბატონებულიყო მასებზე. ამიტომ მან ამ გზით დაიწყო საზოგადოებაზე იდეოლოგიური ზემოქმედება, რადგან ტელევიზიას შეუძლია დიდი ზეგავლენა მოახდინოს მასებზე.
ტელევიზიამ შესძლო მასებზე ზემოქმედების მანამდე არნახული მასშტაბისა და სიძლიერის ფორმების შემუშავება, რაც უპირველესად, ხელოვნების იმ დარგების თვისებებს დააფუძნა, რომლებსაც მოსახლეობის ფართო აუდიტორიაზე არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ იდეოლოგიური, პოლიტიკური ზემოქმედებაც შეეძლო. ამ მხრივ, ის ყველაზე მეტად კინოს ენათესავება, რადგან, როგორც  კინემატოგრაფი, არა მხოლოდ ქვეყნის იდეოლოგიის წარმმართველი, არამედ  წარმომშობიცაა (ჭიჭინაძე, 2012, 204)
ტოტალიტარული რეჟიმი გაბატონდა კინემატოგრაფიაზე და აქტიურად დაიწყო საკუთარი პოლიტიკის გატარება, რადგან კინოხელოვნებას ადვილად შეუძლია ადამიანზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება.
კინოს ისე, როგორც ტელევიზიას, ფართო მასებზე ზემოქმედების განუზომელი საშუალებები გააჩნია. დღევანდელ მსოფლიოში მასობრივი ინფორმაციის ეს საშუალებები მძლავრ ფსიქოლოგიურ იარაღს წარმოადგენს(ჭიჭინაძე, 2012,205)
აქედან გამომდინარე, ტოტალიტარული რეჟიმი წარმოადგენდა ძალას, რომელიც ხალხისგან მოითხოვდა უსიტყვო მორჩილებას საზოგადოებასთან თანხმობისა და უსაფრთხოების მიღწევის ნაცვლად.
სწორედ ამ პოლიტიკურ ჭრილში და მისი არსებობის პარალელურად ჩამოყალიბდა  დისტოპიური ჯანრი მწერლობასა და კინოხელოვნებაში, რომელიც მიზნად ისახავდა ტოტალიტარული რეჯიმის კრიტიკას. ამ ჟანრმა შეითვისა ტოტალიტარული რეჟიმის მახასიათებლები და მთელი ძალით დაუპირისპირდა მას. აღსანიშნავია, რომ ლიტერატურაში ეს პროცესები მაშინ მიმდინარეობდა, როდესაც ტოტალიტარული რეჟიმები მსოფლიოში დიდ ძალას წარმოადგენდა,  თუმცა ტოტალიტარული მმართველობის ქვეყნებში ამ ჟანრის შესწავლა მოგვიანებით გახდა შესაძლებელი, როდესაც ისინი განთავისუფლდნენ ამ დიქტატორული სისტემისგან. როგორც გიორგი გვახარია აღნიშნავს :
და თუ ტოტალიტარიზმი გარკვეულ წილად აზრის სიკვდილია. ტოტალიტარულიზმთან ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ მუდმივი ეჭვითა და განახლებული აზრით შეიძლება ( გვახარია, 2008,107) 
და მიიჩნევს, რომ ამ საკითხებზე ფიქრით საზოგადოება ბევრ ახალ აზრს აღმოაჩენს.
რაც უფრო მეტი კონკრეტულობა იქნება ტოტალიტარიზმისა და ძალადობის ანალიზის პროცესში, რაც უფრო მეტად ჩაერთვება ამ ,,ფიქრში“ საზოგადოება, მით უფრო მეტია ,,აღმოჩენის“ ,ანუ კათარზისის შანსი (გვახარია, 2008, 107)
ამგვარად, ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს განვიხილოთ დისტოპიური ჟანრი ლიტერატურასა და კინემატოგრაფიაში.

                                       



ანტიუტოპია


ანტიუტოპიური ჟანრი მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოყალიბდა. თანამედროვე ეპოქაში მან დიდი პოპულარობა მოიპოვა, როგორც ლიტერატურაში, ასევე კინემატოგრაფიაში. რა არის ანტიუტოპია? რა ნიშან-თვისებებს ავლენს ის? რატომ შეიძინა მან ჟანრული თვისებები და რატომ დაუპირისპირდა უტოპიურ ჟანრს? არაერთი მკვლევარი ცდილობს ამ კითხვებს ჩაუღრმავდეს. ფილოლოგიის დოქტორმა, ირმა რატიანმა, თავის ნაშრომში ქრონოტიპი ანტიუტოპიურ რომანში. გააანალიზა ანტიუტოპიური ჟანრის წარმოშობა და მისის მახასიათებლები.  ჩვენ შევეცდებით მისი კვლევის საფუძველზე პასუხი გავცეთ ამ კითხვებს და ჩამოვაყალიბოთ ანტიუტოპიის ჯანრული მახასიათებლები. სწორედ მათ გამოვიყენებთ ჩვენს მიერ შერჩეულ ნაწარმოებაბსა და ფილმების შედარებითი ანალიზის დროს.
უპირველეს ყოვლისა,  აუცილებლად მიგვაჩნია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ორი ცნება უტოპია და ანტიუტოპია და აღვნიშნოთ, რომ ანტიუტოპიური ჟანრი უპირისპირდება უტოპიურ ჟანრს.  თუმცა გვებადება კითხვა, რა ურთიერთმიმართება აქვს ამ ორ ჟანრს ერთმანეთთან? - “ უტოპია სოციალური ფანტაზიაა, წარმოსახული სოციალური იდეალი (რატიანი, 2005, 17), ანტიუტოპია კი მისი საპირისპირო ცნებაა.
თუ უტოპია წარმოადგენს ოცნებას იდეალურ საზოგადოებაზე, ანტიუტოპია ეწინააღმდეგება ნებისმიერ გამყარებულ საზოგადოებრივ სტრუქტურას, რომელიც ამა თუ იმ სოციალური იდეალის, ანუ უტოპიური ჰარმონიის განხორციელების მიზნით არის შექმნილი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ანტიუტოპია თავის თავშივე მოიცავს უტოპიას, რომელსაც უპირისპირდება და ებრძვის(რატიანი,2005, 29).
 ამიტომ ჩვენ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ანტიუტოპიური ჟანრი უტოპიური ჟანრის ანტიპოდია, რომელიც უტოპიური ჟანრისგან გამომდინარეობს, როგორც საწინააღმდეგო, უტოპიის ნეგატიური ფორმა. თუ უტოპია ასახავს წარმოდგენილ იდეალურ საზოგადოებრივ წყობას, ანტიუტოპია მას უპირისპირდება და ამ საზოგადოებრივ მართვის სისტემას კრიტიკულად უპირისპირდება.
 უტოპია არის ოცნება იდეალურ მართულ საზოგადოებაზე, ანტიუტოპია კი - პროტესტი, მიმართული თავსმოხვეული ბედნიერების პრაქტიკული რეალიზაციის წინააღმდეგ, ამრიგად, რეალიზებული უტოპიისა და ამბოხებული ანტიუტოპიის სამყარო იდენტურია; მხოლოდ ერთის იდილია კოშმარული ზმანებაა მეორესათვის, ერთის ბედნიერება მეორის უბედურებაა, ერთის თავისუფლება მეორის მონობის ტოლფასი ცნებაა(რატიანი, 2005, 100).
 მკვლევრის აზრით, ანტიუტოპია  ჯერ კიდევ მითოსურ სამყაროში იღებს სათავეს და პერიოდულად ვითარდება უტოპიურ ჟანრთან ერთად. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად მას მაგალითად მოჰყავს ანტიკური ეპოქის სატირული თხზულებები და ასკვნის:
თუ პოზიტიურს პირობითად ვუწოდებთ უტოპიურს, ნეგატიურს კი -ანტიუტოპიურს, მაშინ შეიძლება დავასკვნათ: სატირა უტოპიური და ანტიუტოპიური მოტივების წინააღმდეგობრივი მთლიანობა იყო. ანტიკური ეპოქის სატირის ესთეტიკური და ეთიკური პროექცია გულისხმობდა ცუდისა და მიუღებლის სარკასტული კრიტიკის ფონზე უკეთესი ელტერნეტივის დასახვას (რატიანი, 2005, 32). 
დროთა განმავლობაში კი  ამ ელემენტებმა იწყეს განცალკევება და საბოლოოდ სხვადასხვა ჟანრად ჩამოყალიბდნენ.
რამ გამოიწვია ანტიუტოპიური ჟანრის ჩამოყალიბება ცალკე, დამოუკიდებელ ჟანრად, უფრო მოგვიანებით, მე-20 საუკუნის დასაწყისში ? - ამის მიზეზად მკვლევარი ასახელებს სოციალიზმს. ის გახდა პირველი ახდენილი უტოპია, რომელმაც მალევე წარმოაჩინა ნეგატიური თვისებები. ადამიანების თანასწორობის იდეამ  მალევე გამოაჩინა ბრჭყალები და გადაიქცა დაუნდობელ ტირანად, რომელიც იმორჩილებდა ყველას სისხლისღვრით, მსხვერპლითა და ძალადობით. იმედგაცრუებულ საზოგადოებას კი მალევე გაუჩნდა პროტესტი თავსმოხვეული კოლექტიური დიქტატურის მიმართ. როგორც მკვლევარი, ირმა რატიანი განმარტავს:
 თავსმოხვეული კოლექტიური ბედნიერების დიქტატისა და ინდივიდუალურობის დაკარგვის საფრთხის წინაშე, ალტერნატივის ძიების გზას დაადგა. უტოპიის ერთადერთ კონცეპტუალურ ალტერნატივად ანტიუტოპია მოგვევლინა (რატიანი,2005, 30).
ანტიუტოპია ვითარდებოდა მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბებული  ტოტალიტარული რეჟიმის გვერდით და საბოლოოდ მან შეიძინა ჟანრული მახასიათებლები. გაფართოვდა მისი ცნება და მოიცვა ლიტერატურა და ხელოვნების სხვა დარგები.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ანტიუტოპია დაფიქსირდა როგორც ახალი, დამოუკიდებელი ჟანრი, კონტრუტოპია, მიმართული უტოპიის წინააღმდეგ. ანტიუტოპია არა მხოლოდ დამკვიდრდა როგორც ჟანრი, არამედ განვითარდა, გაღრმავდა, გაფართოვდა და სამართლიანად იქცა ინვარიანტული რეცებფციული და ინტერპრეტაციული მოდიფიკაციის  საინტერესო ობიექტებად(რატიანი, 2005,99).
ლიტერატურული ანტიუტოპიის ჟანრულ მახასიათებელს წარმოადგენს ოპოზიციები. ანტიუტოპიურ რომანში იკვეთება ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ტიპი: მასობრივი და ინდივიდუალური, რომელთა დაპირისპირება წარმოადგენს მთავარ კონფლიქტს ანტიუტოპიურ რომანში. მასა, რომელიც ამ ტიპის ნაწარმოებშია  გამოხატული, წარმოადგენს თავისუფალ მონას, რომელიც სახელმწიფოს მიერ იმართება. ინდივიდუალური ტიპი კი წარმოდგენილია, როგორც განსხვავებული, ინდივიდუალური აზროვნების მქონე არსება. რომელიც უპირისპირდება მასას და იბრძვის თავისუფლების შესანარჩუნებლად. მკვლევარი ირმა რატიანი გამოყოფს ანტიუტოპიური ჟანრის მოტივაციური მოდელის საფუძველს, რომელსაც რამდენიმე გამყარებული მოტივი შეადგენს:
1. კოლექტიური შრომისა და კვაზინომინაციის მოტივი;
2. ლიდერის მოტივი;
3. მეცნიერული პროგრესისა და ტექნოკრატიზმის მოტივი;
 4.შემოქმედებითი გონის ნიველირების მოტივი;
5. შიშის მოტივი;
6. ოჯახური ტრადიციის დესტრუქციის მოტივი;
 7. ფსევდოკარნავალური და ფსევდორიტუალური მოტივი;
 8. პაროდირების მოტივი.  (რატიანი, 2005, 102).
ანტიუტოპიურმა ჟანრმა მოიცვა ხელოვნების სხვადასხვა დარგი. არაერთი რეჟისორი დაინტერესებულა ანტიუტოპიური რომანის მიხედვით გადაეღო ფილმი და წარმოეჩინა ანტიუტოპიური ჟანრის მახასიათებლები. სწორედ ამ მახასიათებლების  მიხედვით განვიხილავთ ჩვენ მიერ შერჩეულ ნაწარმოებებსა და ფილმებს, თუმცა, რადგან ჩვენი ინტერესის საგანია რომანებისა და ფილმების შედარება/შეპირისპირების  გზით ანალიზი, აუცილებლად მიგვაჩნია, გამოვიყენოთ ინტერმედიალობის თეორია.

ინტერმედიალობა


ნაშრომში ჩვენ ვეხებით ორ სხვადასხვა გამოსახვის ხერხს: ლიტერატურულ ნაწარმოებსა და მხატვრულ ფილმს. მოგეხსენებათ, კინემატოგრაფია გასულ საუკუნეში შეიქმნა და ხელოვნების ცალკეულ დარგად ჩამოყალიბდა, თუმცა როგორც არაერთი მკვლევარი აღნიშნავს, არსობრივად ლიტერატურასა და კინემატოგრაფიას შორის დიდი განსხვავება არ არის. ორივე მათგანი გამოსახავს შეთხზულ ამბავს. თუმცა მათი გამოსახვის ხერხი სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ერთ შემთხვევაში არის ტექსტი, ხოლო მეორე შემთხვევაში ხდება მისი ვიზუალური კუთხით წარმოჩენა. მათ შორის  შედარება-შეპირისპირების დროს კი აუცილებელია გამოვიყენოთ ინტერმედიალობის მეთოდი.
„ინტერმედიალობა“ - ეს ტერმინი, ჩამოყალიბდა მე-20 საუკუნის ბოლოს, ის
 სხვადასხვა სემიოტიკურ სისტემებს აერთიანებს და ადგენს ხელოვნების სხვადასხვა დარგს შორის კავშირს.
ინტერმედიალობა გულისხმობს ხელოვნების სხვადასხვა დარგის სემიოტიკური კოდების ურთიერთქმედებას. ამგვარად, ინტერმედიალობის კავშირის ქვეშ ჩვენ ვგულისხმობთ პოეტური ან პროზაული ტექსტის კავშირს მომიჯნავე ხელოვნების ნაწარმოებთან. ანუ მხატვრულ ნაწარმოებში ისეთი სტრუქტურების არსებობას, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას ხელოვნების სხვადასხვა დარგებზე.  (კინწურაშვილი, 2008,  71).
როგორც აღვნიშნეთ, ინტერმედიალობა ერთმანეთისგან  განსხვავებულ გამომსახველობით საშუალებებს ეყრდნობა, ამიტომ მისი მიზანია ხელოვნების სხვადასხვა დარგს შორის შედარების დროს დაადგინოს მათ შორის კავშირი, რომელიც მრავალმხრივი შეიძლება იყოს.
ინტერმედიალობა საერთო თემების, სახე-ხატების, სიმბოლოების შედარება-შეპირისპირებისა თუ ჟანრული მოდიფიკაციის სახით ვლინდება. ინტერმედიალური ანალიზი კვლევის საერთო დონისა და კრიტერიუმის არსებობას ეყრდნობა (ქავთარაძე, 2013, 109).
ამ მეთოდის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ჩვენ მიერ შერჩეულ ნაწარმოებებსა და მასზე გადაღებულ ფილმებს შორის  შედარება-შეპირისპირების გზით დავადგინოთ ორ განსხვავებულ გამომსახველობით საშუალებებს შორის კავშირი.
              

ჯორჯ ორუელისა და რეი ბრედბერის პროტესტი ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ


ჯორჯ ორუელი ინგლისელი მწერალი და ესეისტია. მისი ნამდვილი სახელია ერიკ არტურ ბლერი. მას დიდი პოპულარობა მოუტანა რომანმა 1984, რომელშიც აღწერილია მე-20 საუკუნეში გაბატონებული აზროვნება. დიდ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ  რომანი 1984  1949 წელს გამოქვეყნდა. თითქოს მის სახელწოდებაშივე დევს ინტრიგა,  რომელიც ჩვენს მომავალს უკავშირდება.
როდესაც ჯორჯ ორუელმა დაასრულა პოლიტიკური, მხატვრული წიგნი 1948 წელს, ის ეძებდა სათაურს. მისი წიგნი იყო პესიმისტური, პოლიტიკური ხედვის, სჭირდებოდა მომავლის განსაზღვრა. მან გადაწყვიტა, რომ ის შეიძლება იყოს კარგი იდეა. უბრალოდ გადაანაცვლა  წლის ბოლო ორი ციფრი, რომლის დროსაც წიგნი დაწერა და მას უწოდა ,,1984“ ამით გააცნო დეტერმინისტული წინასწარმეტყველება, რომელიც მომავალში დაფიქსირდება და აღწერა საყოფაცხოვრებო პირობები (gassmann,1985,29)
 ორუელი აკრიტიკებს და უპირისპირდება იმ პროცესებს, რომელიც ამ პერიოდში გაცხადებულად თუ ფარულად მიმდინარეობს მსოფლიოში. რამ გამოიწვია ჯორჯ ორუელის ამგვარი დამოკიდებულება მე-20 საუკუნის პოლიტიკური პროცესების მიმართ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებლად მიგვაჩნია გადავხედოთ იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც ამ პერიოდში მიმდინარეობდა და რომელიც მის რომანშია აისახა. ერიხ ფრომის  სტატია  ჯორჯ ორუელის  1984, რომელიც ქართულ ჟურნალ არალში დაიბეჭდა, დაგვეხმარება ამ კითხვაზე გავცეთ პასუხი.
ერიხ ფრომის აზრით, ჯორჯ ორუელის რომანი 1984 გამოხატავს სასოწარკვეთას ადამიანთა მომავლის გამო და გვაფრთხილებს, თუ არ შევცვლით ისტორიულ გეზს, მაშინ ადამიანები დაკარგავენ ყველაზე მთავარს - თავისუფლებას, ადამიანურ თვისებებს და იქცევიან უსულო ავტომატებად. საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა აზროვნება, რომელიც სათავეს იღებს ბერძნულ, რომაულ აზროვნებასა და ძველი აღთქმის  წინასწარმეტყველთა მესიანურ აზრში, არის ის, რომ ააშენოს მშვიდობიანი და სამართლიანი მსოფლიო. უძველესი დროიდან მოყოლებული უტოპიური აზროვნება თან სდევდა სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე მოაზროვნეებს. ავტორი წერს:
რწმენა ადამიანის ინდივიდუალური და სოციალური სრულქმნადობაში ფილოსოფიურად და  ანთროპოლოგიურად ნათლად გამოიხატა მეთვრამეტე საუკუნის განმანათლებლებისა და მეცხრამეტე საუკუნის სოციალისტურ მოაზროვნეთა ნაწერებში და უცვლელი დარჩა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდამდე (ფრომი, 2001,24).
და მაინც რა ხდება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ? ომმა მილიონობით ადამიანი გაწყვიტა. უამრავი ადამიანი შეეწირა ფსევდო თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელს. ამის შემდეგ კი ყალიბდება ტოტალიტარული რეჟიმები, რომელმაც მოიცვა სამყარო. როგორც სტატიის ავტორი განმარტავს, პირველი მსოფლიო ომს მოჰყვა რიგი მოვლენები, რომლებმაც იმედისა და რწმენის ორიათასწლოვანი დასავლურ ტრადიცია შეცვალა და სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა.
პირველი მსოფლიო ომის გულქვაობა მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. მას მოჰყვა სხვა მოვლენები: სოციალისტური იმედების ღალატი და სტალინის რეაქციული სახელმწიფო კაპიტალიზმი; მძიმე ეკონომიკური კრიზისი ოციანი წლების დასასრულს; ბარბაროსობის ტრიუმფი გერმანიაში -კულტურის ერთ-ერთი უდიდეს ცენტრში; სტალინისტური ტერორის სიგიჟე ოცდაათიან წლებში; მეორე მსოფლიო ომი, რომელში მონაწილე ხალხებმა მეტ-ნაკლებად ყველამ დაკარგა ზნეობრივი განსჯის უნარი, რამდენადმე მაინც შენარჩუნებული პირველ ომში; ჯერ მშვიდობიანი მოსახლეობის შეუზღუდავი ჟლეტა დაწყებული ჰიტლერის მიერ, შემდეგ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ნგრევა ისეთი ქალაქებისა, როგორიც არის ჰამბურგი, დრეზდენი და ტოკიო, დაბოლოს, ყველაფრის გვირგვინი - ატომური ბომბის ჩაგდება იაპონიაში... ადამიანურ მოდგმას დაემუქრა კიდევ უფრო დიდი საშიშროება: ჩვენი ცივილიზაციის - თუ არა მთელი კაცობრიობის - მოსპობის საფრთხე თერმობირთვული იარათით( ფრომი, 2001, 24)
აი რიგი მოვლენებისა, რომელმაც განაპირობა ადამიანში უტოპიური იდეალის რღვევა და იმედგაცრულებული დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ  რა მოჰყვებოდა ყოველივე ამას თუ კაცობრიობა არ შეიცვლიდა ისტორიულ გეზს.
ამ პერიოდში მოუწია ცხოვრება ჯორჯ ორუელს და გასაკვირი არ არის მისი კრიტიკა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრში მიმდინარე პოლიტიკის მიმართ. სწორედ ამ პროცესებმა ჩაუყარა საფუძველი ანტიუტოპიური ჟანრის ჩამოყალიბებას, რომლის ფუძემდებლად, ჯორჯ ორუელის გარდა, მიჩნეულნი არიან : რუსი მწერალი ზამიაწინი და მისი რომანი ჩვენ და ოლდოს ჰაქსლის დიდებული ახალი სამყარო. სტატიის ავტორის განმარტებით: „ ნეგატიური უტოპია ასახავს თანამედროვე ადამიანის უძლურებასა და უიმედობას, სწორედ ისე, როგორც უწინდელი უტოპიები ასახავდნენ შუა საუკუნეების შემდგომი პერიოდის ადამიანის თვითრწმენასა და იმედს“(ფრომი, 2001, 25).
რაც შეეხება, რეი ბრედბერს, ის მე-20 საუკუნის ამერიკელი მწერალია. მას დიდი პოპულარობა მოუტანა რომანმა 451 გრადუსი ფარენჰაიტით , რომელიც 1953 წელს გამოქვეყნდა. ეს რომანი ანტიუტოპიურ ჟანრს მიეკუთვნება, რომელშიც მწერალი აღწერს ტოტალიტარულ საზოგადოებას და უპირისპირდება მას.
რომანში 451 გრადუსი ფარენჰაიტით ბრედბერს წარმოდგენილი აქვს კაცობრიობის მომავალი, რომელშიც საზოგადოება დამოკიდებულია მასობრივ ტექნოლოგიებსა თუ კულტურაზე. იგი ამ რომანში აღწერს რეალობის შესაძლო განვითარებას, სადაც  იკვეთება მისი დამოკიდებულება წიგნების მიმართ,  ამიტომ იგი ნაწარმოების მთავარ პრობლემად უწიგნურობას აყენებს. მასობრივად იწვება სახელმწიფოს მიერ აკრძალული წიგნები. ჩამოყალიბებულია ტოტალიტარული რეჟიმი, რომელიც მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, განსხვავებული აზრისა თუ შეხედულებების მქონე ინდივიდისთვის.
  ამ გეზით განვითარების შემთხვევაში კი ნაჩვენებია თუ რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს კაცობრიობა.  ბრედბერი ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს იმ პრობლემაზე,  რომელიც 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევაა. საზოგადოება სულ უფრო და უფრო ცოტას კითხულობს. 
ოდესღაც საშინელი ამბავი  დავწერე, ის კიდევ კოშმარულ რეალობად იქცა. მე მაქვს განცდა, რომ წიგნი კვდება.ელექტრონული საშუალება -ეს მაინც არაა წიგნი... ჩემთვის ბიბლიოთეკის სამყარო ამაზონის ჯუნგლები იყო, რომელსაც შეეძლო ადამიანი თავიდან ბოლომდე მოეცვა, ფურცლების შრიალით გაებრუებინა, სულისშემკვრელ თავგადასავლებში ჩაეძირა. მონიტორისგან ამ ყველაფერს ვე მიიღებ, იქ მხოლოდ მშრალი ტექსტია, ქაღალდის სურნელის გარეშე - გამოშიგნულია, არანაირი სითბო არ გააჩნია (ბრედბერი.2015, 67).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯორჯ ორუელის რომანი 1984 და რეი ბრედბერის 451 გრადუსი ფარენჰაიტით ანტიუტოპიური ჟანრის ნაწარმოებებია. ორივე მწერალი უპირისპირდება და აკრიტიკებს ტოტალიტარული რეჟიმის წეს-წყობას. მათი მიზანი კი ის არის, რომ საზოგადოება დააფიქრონ იმ პრობლემებზე, რომელებიც სამომავლოდ შეიძლება კაცობრიობას შეექმნას. ჩვენ შევეცდებით ამ რომანებში გამოვყოთ ანტიუტოპიური ჟანრის მახასიათებლები და გამოვიკვლიოთ თუ რამდენად აკმაყოფილებენ ისინი ანტიუტოპიური ჟანრის ასპექტებს, შემდეგ კი შევადაროთ ისინი მათზე გადაღებულ ფილმებს და განვსაზღვროთ, რამდენად აისახა ნაწარმოებში გადმოცემული ანტიუტოპიური ჟანრის მახასიათებლები ფილმებში და როგორ ცდილობს რეჟისორი სხვადასხვა ხერხებით მათ გადმოცემას.

კოლექტიური შრომა


პირველი ასპექტი, რომელიც ჩვენ გამოვყავით, არის კოლექტიური შრომა. ანტიუტოპიური ჟანრის რომანში, შრომა დიდ როლს ასრულებს ადამიანების ცხოვრებაში. თითოეული პიროვნება აქტიურად არის ჩართული შრომაში. ისინი დიდი მონდომებითა და ძალისხმევით აკეთებენ დავალებულ საქმეს. ფაქტობრივად, მუშაობა მათი ცხოვრების თანამდევია, ამიტომაც ისინი სიცოცხლის დიდ ნაწილს  სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას უთმობენ. მუშაობენ გამუდმებით, როგორც ირმა რატიან იტყვის ის ,, ანტიუტოპიურ რომანში თითქმის ბიოლოგიურ მოთხოვნილებად არის ქცეული“(რატიანი, 2005, 102).
 ჯორჯ ორუელის რომანშიც სწორედ ასეა. ადამიანები მაქსიმალურად არიან ჩართულები ყოველდღიური ცხოვრების რიტმში. თითქმის ყველა მოქალაქე გაწევრიანებულია პარტიაში და პირნათლად ასრულებს პარტიის  წესდებას, მსახურობენ სხვადასხვა ფაბრიკა-ქარხნებში და სამინისტროებში.
ჭეშმარიტების სამინისტრო, რომელსაც ეხებოდა ახალი ამბები, საზოგადოებრივი გართობა, განათლება და ხელოვნება; მშვიდობის სამინისტრო, რომელიც დაკავებული იყო ომის საკითხებით; სიყვარულის სამინისტროს, რომელიც იცავდა კანონსა და წესრიგს; და ეკონომიკის საკითხებზე პასუხისმგებელ დოვლათის სამინისტროს.“ (ორუელი, 2011, 8).

 როგორც ვხედავთ, სახელმწიფო სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ კონტროლდება თითოეული ინდივიდი სახელმწიფოს მიერ. ადამიანი მხოლოდ კოლექტივში მოიაზრება. ის მხოლოდ ერთი დიდი სხეულის  უმნიშვნელო უჯრედია, რომელსაც სახელმწიფო იმონებს უკეთესი მომავლისა და ბედნიერების იმედით, ამისთვის ის თითოეულ მოქალაქეს ასაქმებს, რადგან მისი მიზანია ხალხმა მუხლჩაუხრელად იმუშაოს. „კოლექტიური შრომის რეგულატორი სახელმწიფოა, ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო მანქანა, რომელიც ბედნიერების ლოზუნგით იმონებს ადამიანებსა და უსპობს მათ  ინდივიდუალური თვითმყოფადობის გამოვლენის ყოველგვარ შანსს“ (რატიანი, 2005, 102). 
სახელმწიფოს არ სჭირდება ადამიანი, მას სჭირდება მუშა ხელი, რომელიც მუდმივად ჩაბმული იქმება საქმეში და მხოლოდ პარტიის საქმეს მიუძღვნის თავს. ამის გამო სახელმწიფო ცდილობს ტყუილში ბედნიერად აცხოვროს ხალხი და  ცვლის წარსულს. ყველაფერი მოწმდება და იცვლება ისე, როგორც სახელმწიფო იდეოლოგიას სჭირდება. თვითონ ამ რომანის მთავარი გმირიც სწორედ ამგვარ სამუშაოს ასრულებს.
            და თუ ყველა იღებდა ტყუილს, რომელსაც პარტია ამტკიცებდა, თუ ყველა ჩანაწერი ამას ადასტურებდა, მაშინ ტყუილიც ისე შედიოდა ისტორიაში, როგორც სიმართლე ,,ვინც წარსულს აკონტროლებს -ღაღადებდა პარტიის ლოზუნგი, -ის აკონტროლებს მომავალს. ვინც აკონტროლებს აწმყოს, აკონტროლებს წარსულსაც“. (ორუელი ,2011, 35).
როგორც აღვნიშნეთ, ნაწარმოების პერსონაჟები აქტიურად არიან ჩართულები პარტიის სხვადასხვა საქმიანობაში. თვითონ, უინსტონ სმიტიც ამ საზოგადოების ერთ-ერთი რიგითი წევრია, საზოგადოების, რომლისთვისაც ადამიანები მხოლოდ დანომრილ არსებებს წარმოადგენენ. ,,-სმიტ, - ანჩხლად დასჭყივლეს ეკრანიდან,- 6079-ევ! უ.სმიტ!“ (ორუელი 2011.გვ.36).
ხალხში  სახელმწიფო იდეოლოგიის განსამტკიცებლად სახელმწიფო ქმნის გმირებს, რომლებიც მისაბაძი უნდა იყოს ქვეყანაში მცხოვრები ყველა მოქალაქისათვის. ამიტომ უინსტონის ერთ-ერთი დავალებული სამუშაო არის ის, რომ მან ამხანაგ  ოგილვისგან შექმნას მისაბაძი მაგალითი, სახელმწიფოსათვის თავგანწირული გმირი. იგი ბრძოლაში იღუპება, მაგრამ მისი სახელი სამაგალითო უნდა გახდეს საზოგადოებისათვის.
სამი წლის ასაკში ამხანაგმა ოგილვიმ უარყო ყველა სათამაშო. საბრძოლო დოლის, ავტომატებისა და ვერტმფრენის გარდა. ექვსი წლისა დამსმენთა საზოგადოებაში ჩაირიცხა. ცხრა წლის ასაკში უკვე ჯგუფის მეთაურად დანიშნეს. თერთმეტი წლის ოგილვიმ აზრის პოლიციაში დაასმინა საკუთარი ბიძა, რომლის საუბარშიც ყმაწვილმა კრიმინალური ტენდენციები შენიშნა(ორუელი, 2011,46).
 აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამხანაგი ოგილვი არ არსებობს და ეს მხოლოდ სახელმწიფო პროპაგანდის ნაწილია, რადგან მას სჭირდება საზოგადოებას აჩვენოს გმირი, რომელსაც ყველამ უნდა მიბაძოსდ : „დღეს იგი ამხანაგ ოგილვის იხსენებდა, რასაკვირველია, მსგავს ვინმეს არასოდეს უარსებია, მაგრამ სულ მალე გაჩნდებოდა რამდენიმე ნაბეჭდი სტრიქონისა და ერთი-ორი ფალსიფიცირებული  ფოტოსურათის წყალობით“ (ორუელი, 2011,46). ამგვარად, სახელმწიფო დაკვეთაა საზოგადოების ადვილად სამართავად შეიქმნას გმირობის მაგალითები.
რაც შეეხება ამ რომანის მიხედვით გადაღებულ, მაიკლ რედფორდის ფილმს 1984 რეჟისორი ფილმის დასაწყისშივე ცდილობს გადმოსცეს სახელმწიფოში მიმდინარე  კოლექტიური შრომის მაგალითები, რომელიც სახელმწიფო ფროპაგანდას წარმოადგენს. მაინც როგორ ახერხებს რეჟისორი ვიზუალურად გადმოსცეს ეს? იგი დგამს ორწუთეულის სცენას, სადაც უამრავი ადამიანი უყურებს დიდ ეკრანს, სადაც სახელმწიფო ცდილობს ხალხს უჩვენოს კოლექტიური შრომის მაგალითები.  ეკრანზე გამოდის კადრები. მასში ასახულია, სხვადასხვა ფაბრიკა-ქარხნებში მომუშავე ხალხი, რომლებიც დიდი ძალისხმევით მუშაობენ. რაც შეეხება ხალხს კი, ისინი დიდი ინტერესით ადევნებს თვალს ამ კადრებს, რადგან მათ შრომაზეა დამოკიდებული სახელმწიფოს ძლიერება.
ფილმში ყურადღებას იქცევს, თვითონ ფილმის მთავარი პერსონაჟის სამუშაო ადგილი. მაინც როგორ აფორმებს რეჟისორი ამ ადგილს? დიდ დარბაზში მინებით არის გამოყოფილი პატარა ოფისები, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ ადვილად აკონტროლონ ერთმანეთი. მათი სამუშაო მაგიდები ერთმანეთის გასწვრივ არის დალაგებული და ქმნის ერთ კოლექტიურ სამსახურს, რომელშიც ყველასათვის ყველაფერი თვალსაჩინოა. აქედან გამომდინარე, უინსტონ სმიტის სამუშაო ადგილის მოწყობა, მიანიშნებს იმაზე, რომ არ არსებობს ადგილი, სადაც ადამიანს შეეძლება დამოუკიდებლად და განმარტოებით აკეთოს სახელმწიფოსგან დავალებული საქმე. აქ მომუშავე თითოეული ინდივიდი  კი მოიაზრება კოლექტივში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეჟისორი რამდენჯერმე აჩვენებს უინსტონის სამსახურს. ერთ-ერთ შემთხვევაში ის ქმნის ოგილვის გმირობის ამბავს, გვიჩვენებს მის სურათს. მისი გმირობის ისტორიას კი თვითონ თხზავს, რომელსაც მისი გახმოვანებული ფიქრებიდან ვიგებთ.
ფილმში ნაჩვენებია ერთი ჩვეულებრივი დილა, რომელიც ენერგიულად და საქმიანად იწყება. სახელმწიფო ცდილობს საზოგადოება დილიდანვე აქტიური ცხოვრებით აცხოვროს. ეს არის სცენა, როდესაც ეკრანზე გამოდის ქალი, ავარჯიშებს უინსტონს და აძლევს მითითებებს. უინსტონი აქ ერთ-ერთ დანომრილ არსებას წარმოადგენს. 
რეჟისორი ზედმიწევნით ზუსტად აცოცხლებს ნაწარმოების ამ ფრაგმენტებს. ძირითადად,  ის, გარდა ვიზუალური გადმოცემისა, რთავს მონოლოგებს, რის საშუალებითაც გადმოიცემა ძირითადი ინფორმაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმში გადმოცემული სცენები ზედმიწევნით ემთხვევა ერთმანეთს.
ასევე ხდება რეი ბრედბერის რომანში 451 გრადუსი ფარენჰაიტით.  ამ ნაწარმოებში წარმოდგენილი სამყარო ერთობლივ, კოლექტიურ შრომაზეა აგებული. თვითონ ამ ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი, გაი მონტეგი, მეხანძრეა, რომელიც სახელმწიფოსაგან მართულ კოლექტივშია გაერთიანებული. ადამიანები იმდენად არიან ჩართულნი საკუთარ საქმიანობაში, რომ მათ საკუთარი პროფესიის კვალიც კი ეტყობათ.
 ეს მათი მემკვიდრეობითი ხელობის კვალი იყო. განა ვინმეს უნახავს მეხანძრე, რომელსაც შავი თმა, შავი წარბები, ალმურიანი სახე და ფოლადივით მოლურჯო, გაპარსული და ამავე დროს თითქოს გაუპარსავი  სახე არ ჰქონდა? ეხ ხალხი თითქოს მისი ორეულები იყვნენ( ბრედბერი, 2013, 41).
 კოლექტიურ შრომაში აქტიურად ჩართული ადამიანები ფაქტობრივად ემსგავსებიან ერთმანეთს და წარმოადგენენ სახელმწიფო სტრუქტურას, რომელშიც არ არსებობს ინდივიდუალური თუ განსხვავებული ხედვა.
ფრანსუა ფრიუტოს ფილმში 451 გრადუსი ფარენჰაიტით, რომელიც ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული, კოლექტიური შრომა დასაწყისშივე იკვეთება. მეხანძრეები ერთობლივად ასრულებენ დავალებას. შეიმჩნევა, რომ აქ ყველამ იცის საკუთარი მოვალეობა. ისინი ერთმანეთის მიყოლებით ეშვებიან ბოძზე და საზანძრო მანქანაზე იკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს. ეს ყველაფერი იმდენად მოწესრიგებულად ხდება, რომ მაყურებელისათვის ადვილად შესამჩნევი ხდება, რომ მეხანძრეთა კოლექტივი მობილიზებულია. ისინი ეხმარებიან ერთმანეთს და პირნათლად ასრულებენ თავიანთ საქმეს. ამასთან ერთადა აღსანიშნავია ამ ეპიზოდის მუსიკალური გაფორმება, რომელიც მათ ერთობლივ საქმიანობასა და მონდომებას გამოხატავს. ისინი აკონტროლებენ და უყურებენ ერთმანეთს. საბოლოოდ კი ისინი უფროსს აბარებენ ანგარიშს. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება, მათი მომზადება და გასვლა ფილმში რამდენჯერმეა ნაჩვენები, რომელსაც იმავე მუსიკალური ფონი აქვს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კოლექტიური შრომა ანტიუტოპიური ნაწარმოების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. კოლექტიური შრომის გადმოსაცემად კი რეჟისორი რამდენჯერმე აჩვენებს მეხანძრეების მომზადების, გასვლისა და სამუშაოს შესურულების სცენას. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მისი მიზანია გადმოსცეს მათი აქტიური საქმიანობა და ჩართულობა სახელმწიფო სამსახურში.

ლიდერის მოტივი


ანტიუტოპიურ რომანში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ლიდერს. ლიდერი მოიაზრება, როგორც ერთი იდეოლოგიური სისტემის შემქმნელი და მატარებლი, რადგან ის არის კანონის აღმსრულებელი და ამავე დროს ამ კანონის მონა, რომელსაც სისხლში აქვს გამჯდარი სახელმწიფო იდეოგოლია. მისთვის სწორედ ეს იდეოლოგია წარმოადგენს ჭეშმარიტებას. ამიტომ ის გვევლინება მის დამცველად.  ანტიუტოპიურ რომანში იქმნება სახელმწიფოს სტრუქტურული ფორმა. ლიდერის ფუნქციაა ადამიანების დამორჩილება და მისგან ახალი  მოდელის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რასაც ახალი იდეოლოგიური ხედვა ითხოვს. ფაქტობრივად ლიდერი ქმნის  ახალ საზოგადოებრივ მოდელს (რატიანი, 2005,104).
რა ფუნქცია ეკისრება ლიდერს ანტიუტოპიურ რომანში? ლიდერი მასებზე მაღლა დგას. ის ცდილობს სახელმწიფრო სტრუქტურები ისე წარმართოს, რომ საზოგადოება დაიმორჩილოს. ნებისმიერ ფასად დაარწმუნოს ხალხი სახელმწიფო იდეოლოგიის ჭეშმარიტებაში.  ჯორჯ ორუელის რომანში ლიდერად გვევლინება ო’ბრაიანი, რომელიც სახელმწიფო იდეოლოგიით აღტკინებული, ცდილობს ადამიანები არამარტო ტანჯვა-წამებით მოიმხროს, არამედ მთელი მათი აზროვნება გარდაქმნას და დაუქვემდებაროს სახელმწიფო იდეოლოგიას. იგი ქმნის თავის მსგავს ადამიანებს, რომლებშიც დებს იმავე იდეოლოგიას, რომლის მიმდევარის არის თვითონ : „ სანამ მოვკლავთ -ამბობს ო’ბრაიანი- ჩვენ ერთ-ერთ ჩვენგანად ვხდით. ჩვენთვის დაუშვებელია, რომ სადმე, მსოფლიოში იარსებოს რაიმე ცდომილმა აზრმა“(ორუელი, 2011, 241).
ლიდერის ფუნქციაა, გაატაროს პარტიის  იდეოლოგია. ის ცდილობს ადამიანში ჩაკლას ყოველივე ადამიანური და ხელმეორედ დაბადოს ახალი აზრებითა და შეხედულებებით, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნება  სახელმწიფო იდეოლოგიასთან. ამიტომ ეუბნება ო’ბრაიანი უინსტონ სმიტს :
თქვენს შიგნით ყველაფერი მოკვდება. ვეღარასოდეს შეიყვარებთ, ვერ იმეგობრებთ, ვერ გაიცინებთ, ვეღარ განიცდით ცხოვრების სიყვარულს, ცნობისწადილს, სიმამაცეს, სხვებთან ერთობას. მთლად გამოფუტუროვდებით. ჩვენ ჯერ მთლიანადა დაგაცარიელებთ, შემდეგ კი ჩვენით აგავსებთ(ორუელი, 2011, 243).
აღსანიშნავის, რომ ო’ბრაიანი უინსტონ სმიტისთვის მნიშვნელოვანი ფიქურაა, თუმცა მას ვერ გაუგია რეალურად ვინ არის იგი.  ეს პიროვნება მასში დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა საბოლოოდ, იგი გვევლინება პარტიის ყურმოჭრილ მონად, რომელიც დიდი ხანია აკონტროლებს უინსტონს და ელოდება დღეს, როცა ის შეცდომას დაუშვებს. მისი ისრთადერთი საქმე კი უინსტონის ფსიქოლოგიური სიკვდილი და მისგან ახალი ადამიანის შექმნაა, რასაც მთელი ძალისხმევით აკეთებს.
რაც შეეხება ფილმს, რეჟისორი დასაწყისშივე, ორწუთეულის მსვლელობის დროს, გვიჩვენებს ო’რაიანის სახეს, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია. ეკრანზე ნაჩვენებ სახელმწიფოს დიდებას, იგი აღტკინებული უყურებს, რაც მეტყველებს, მის შეხედულებებზე სახელმწიფო იდეოლოგიის მიმართ. ამის შემდეგ კი ჩნდება კადრი, როდესაც იგი შეხედავს უინსტონ სმიტს, თითქოს მას უინსტონში იმავე ემოციის დანახვა უნდა. იგი აკონტროლებს უინსტონის თითოეულ მანერას ქცევას, რომ შეამჩნიოს რაიმე განსხვავებული ხედვა. გარდა ამის იგი უსმენს უინსტონს, რომელიც სრულიად სხვა პიროვნებას ესაუბრება. უინსტონისთვის ო΄ბრაიანი განსაკუთრებული ადამიანია, რომელიც თან სდევს მას ცხადში თუ სიზმარში.
საბოლოოდ, ო’ბრაიანი ფილმში გვევლინება პარტიის იდეოლოგიის დამცველად და ლიდერად, რომელიც დიდი ძალისხმევით ცდილობს უინსტონისგან გამოძერწოს ახალი ადამიანი. ფაქტობრივად, ის მის გადარჩენას ცდილობს, სურს ჩაუნერგოს ახალი ხედვა, რომლისაც თვითონ სჯერა და ცდილობს უინსტონიც დაიმსგავსოს. ო’ბრაიანის ფიგურა ფილმში ზედმიწევნით ასახავს ნაწარმოებში გადმოცემულ იდეას. რეჟისორი კი ამის გადმოსაცემად იყენებს არა მხოლოდ მსახიობის ოსტატობას, არამედ იმ მონოლოგებს, რომელიც ნაწარმოებიდან ზედმიწევნით არის ამოკრებილი.
რეი ბრედბერის რომანში 451 გრადუსი ფარენჰაიტით ლიდერის როლს მეხანძრეთა უფროსი ბიტი ასრულებს. იგი მეტად განათლებული და მოაზროვნე პიროვნებად წარმოგვიდგება, რომელმაც უფრო მეტი იცის, ვიდრე მის ხელქვეითებმა. ის  სახელმწიფო იდეოლოგიის დამცველად გვევლინება და ამიტომ მისი კომპეტენციაა მეხანძრეები დაარწმუნოს და მართოს მათი გონება სახელმწიფო იდეოლოგიის შესაბამისად. იგი მეტისმეტად დაკვირვებულია და ამიტომ მას არ ეპარება გაი მონტეგის შინაგანი დაეჭვება. ის ყველანაირად ცდილობს დაარწმუნოს მონტეგი სახელმწიფო იდეოლოგიის სისწორეში და  ისეთივე მონა გახადოს, როგორიც არის თვითონ.
 არა, ჩვენ ერთმანეთისგან არ უნდა განვსხვავდებოდეთ. ყველა თავისუფალი და თანასწორი უნდა იყოს .კი არ დავიბადეტ თანასწორნი, როგორც კონსტიტუციაში წერია, არამედ მერე უნდა გავხდეთ. ყველა ადამიანი მეორის ასლი უნდა იყოს და მაშინ ყველა ბედნიერი იქნება, რადგან პირველი ვერ დაჩრდილავვს მეორეს (ბრედბერი, 2013, 69).
გარდა ამისა, ბიტი ცდიოლობს მონტეგი დაარწმუნოს რომ ადამიანისთვის მთავარი ბედნიერებაა. სახელმწიფოც სწორედ ამას ცდილობს, რომ ადამიანი ბედნიერად აცხოვროს. ამიტომ ბიტი ეუბნება მონტეგს:
            თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენი ცივილიზაცია ძალზე ვრცელია და ამიტომ არ შეიძლება, მასში შემავალი დაჯგუფებები უკმაყოფილონი იყვნენ. აბა, თქვენს თავს შეხედეთ - ყველაზე უფრო რისკენ მიილტვით? ბედნიერებისკენ, არა? განა მთელი სიცოცხლის განმავლობაში ამას არ გიჩიჩინებდნენ? გვინდა ბედნიერი ვიყოთ -ამბობს ხალხი. კარგი, მაგრამ განა ხალხს ბედნიერება აკლია? განა მათ მოსაწყენად მოვიცლით, განა გართობას ვაკლებთ? ჩვენ ხომ მხოლოდ ამიტომ ვცოცხლობთ ამ ქვეყნად. ასე არ არის? აუცილებელია სიამოვნება, აღგზნება და დამეთანხმებით, ჩვენი კულტურა უხვად გვამარაგებს ამით(ბრედბერი,2013, 71).
 როგორც დავინახეთ, ბიტი სახელმწიფო იდეოლოგიის დამცველად გვევლინება. ის ავლენს ლიდერობის თვისებებს და ცდილობს მეხანძრეები დაარწმუნოს  სახელმწიფო იდეოლოგიის სიძლიერესა და სისწორეში.
ფილმში ლიდერი გვევლინება მედიდური გამომეტყველებით. ის სახანძრო მანქანაზე მძღოლის გვერდით ზის , დანარჩენი მეხანძრეები კი ფეხზე დგანან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ის ამ კოლექტივის მმართველია. იგი თვალს ადევნებს თავისი ხელქვეითების სამუშაოს, ხოლო დამთავრების შემდეგ კი იბარებს ანგარიშს.
ფილმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ის ეპიზოდი, როდესაც ლიდერი თავის ხელქვეითებს სცემითა და ჩხუბით იმორჩილებს. ეს ეპიზოდი მიანიშნებს იმაზე, თუ რა მოვალეობები აკისრია ლიდერს და წარმოაჩენს მის ლიდერულ თვისებებს. მისი ერთადერთი მიზანი კი  არის ის,  რომ დაიმორჩილოს მეხანძრეები და სახელმწიფო სამსახურის ერთგულ მონებად აქციოს.
გარდა ამისა, იგი ცდილობს საკუთარი ხელქვეითები მუდმივად აკონტროლოს, ესაუბროს მათ საკუთარ დანიშნულებაზე და არ მისცეს საკუთარი ხედვით მოქმედების უფლება. იგი სრულიად იმორჩილებს კოლექტივს, ეს უფლება კი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მიერ აქვს მინიჭებული.

მეცნიერული პროგრესისა და ტექნოკრატიზმის მოტივი


ანტიუტოპიურ რომანში დიდი მნიშვნელობის მატარებელია მეცნიერული პროგრესისა და ტექნოკრატიზმის მოტივი. მასების დამორჩილებაც სწორედ ამ ხერხით ხორციელდება. სახელმწიფო ცდილობს თანამედროვე, მეცნიერული მიღწევებისა და ახალი ტექნოლოგიების მონა გახადოს ადამიანი, რომელიც მთლიანად სახელმწიფოზე იქნება დამოკიდებული.  სახელმწიფო ცდილობს მეცნიერული პროგრესი გამოიყენოს ისე, როგორც მას სჭირდება. მისი ერთადერთი მიზანი კი ხალხის დამორჩილებაა. როგორც ირმა რატიანი განმარტავს: ,,ადამიანი მანქანის მონაა, ერთდროულად მისი მონაცაა და მომხმარებელიც“(რატიანი, 2005, 105).
ჯორჯ ორუელის რომანში 1984  შესამჩნევია თუ როგორ ხდება საზოგადოების დამორჩილება ამ კუთხით. მეცნიერული მიღწევების საშუალებით  ნაწარმოებში თითოეული ადამიანი კონტროლდება, რადგან სწორედ ეს არის სახელმწიფოს მიზანი. მაინც როგორ ახერხებს სახელმწიფო ინდივიდის კონტროლს? რა თქმა უნდა, ეს ხდება  თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით. ნაწარმოებში გვხვდება სხვადასხვა ახალი ტექნიკა, რომელსაც სახელმწიფო იყენებს საკუთარი იდეოლოგიის გასატარებლად. მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ ტელეეკრანი, რომელიც თითოეული მოქალაქის საცხოვრებელშია დამონტაჟებული. მას აქვს მრავალი ფუნქცია. მას შეუძლია დაინახოს თუ რას აკეთებს ადამიანი და ჩაიწეროს თუ რას საუბრობს იგი. ასევე მას აქვს ტელევიზორის ფუნქციაც. 
ეს ხმა ოთახის მარჯვენა კედელში ჩამონტაჟებული ლითონის მოგრძო, დაბინდული სარკისმაგვარი თეფშიდან მოდიოდა. უინსტონმა ჩამრთველი გადაატრიალა და ხმამ რამდენადმე დაიწია, თუმცა ტექსტი მაინც ისმინებოდა. ეს მოწყობილობა. რომელსაც ტელეეკრანი ერქვა, შეიძლებოდა გაბუნდოვნებულიყო, მაგრამ გამორთვით მთლიანად არ ირთვებოდა (ორუელი,2011, 5).
 ეკრანის მეშვეობით თითოეულ ადამიანს უსმენენ და აკონტროლებენ. ადამიანებისთვის კი ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. თვალთვალი ყოველდღიურობაშია გამჯდარი და მეტიც, ადამიანები მათზე დამოკიდებულნი არიან.
უინსტონის ზურგს უკან ტელეეკრანი კვლავ განაგრძობდა ჟღრიალს. თუჯის წარმოებისა და მეცხრე სამწლედის გეგმის გადაჭარბებით შესრულების შესახებ. ეკრანზე ერთდროულად მიმდინარეობდა გაცემა და მიღება. ფიქსირდებოდა უინსტონის მიერ გამოცემული ყველა ბგერა, ძალზე ხმადაბალი ჩურჩულის გარდა. მეტიც, ვიდრე უინსტონი ეკრანის მხედველობის არეში რჩებოდა, მას კიდეც ხედავდნენ და კიდეც უსმენდნენ. რა თქმა უნდა,  ვერაფრით დაადგენდი, გიყურებდნენ თუ არა მოცემულ მომენტში.სრულებით გაურკეველი იყო, რა სისტემით ან რა სიხშირით ერთვებოდა აზრის პოლიცია ყოველ ინდივიდუალურ კაბელში. ისიც კი დასაშვებია, რომ ყველას ყოველ წამს უყურებდნენ. ასე იყო თუ ისე, მაშინ ჩაგერტვებოდნენ, როცა მოისურვებდნენ. უნდა გეცხოვრა იმ ფიქრით(და ცხოვრობდი კიდეც ინსტიქტად ქცეული ჩვევით), რომ უსმენდნენ შენს ყოველ ბგერას და დაკვირვებით უთვალთვალებდნენ შენს ყოველ მოქმედებას, თუ მთლად სიბნელეში არ მოძრაობდი (ორუელი, 2011,6).
რაც შეეხება სახელმწიფოს, იგი მხოლოდ იმ ტექნოლოგიას იყენებს, რაც მას სჭირდება მასების დასამორჩილებლად. ამიტომ იგი იყენებს და ავითარებს მხოლოდ იმ გამოგონებებს, რომელიც სახელმწიფოს გამოადგება საზოგადოების დასამორჩილებლად. „თვით ტექნოლოგიურ პროცესსაც კი მაშინ მიმართავენ, როდესაც მისი შედეგები რამდენადმე ადამიანის თავისუფლების შეზღუდვად სჭირდებათ“ (ორუელი ,2011, 181).
ტექნოლოგიების მხარდამხარ სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული მეცნიუერულ საქმიანობაში. იგი ხელს უწყობს მეცნიერებს იმუშაონ, ჩაატარონ ცდები და შექმნან ახალი გამოგონებები, ამისათვის კი სახელმწიფო მიზანმიმართულად ცდილობს ააგოს და დააფუძნოს ლაბორატორიები, რომელშიც ეს პროცესები განხორციელდება.
            მშვიდობის სამინისტროს უზარმაზარ ლაბორატორიაში, ისევე, როგორც ბრაზილიის ტყეებში, ავსტრალიის უდაბნოსა თუ ანტარქტიკის მიკარგულ კუნძულებზე დამალულ ექსპერიმენტულ სადგურებში დაუღალავად მუშაობენ ექსპერტთა ჯგუფები. ზოგი მათგანი, უბრალოდ, მომავალი ომებისთვის საჭირო გადაზიდვა-მიმარაგების საკითხებს იკვლევს. სხვები ქმნიან უფრო და უფრო დიდ სარაკეტო ბომბებს, უფრო და უფრო ძლიერ ამფეთქებლებს, უფრო და უფრო შეუზღუდავ ჯავშნებს. კიდევ სხვები ეძებენ ახალ, უფრო მგუდავ გაზებს ან ხსნად შხამებს, რომლებიც მთელი კონტინენტის მცენარეულ საფარს გაანადგურებდა(ორუელი, 2011,181).
 მეცნიერული ტექნოლოგიების რეალურ პროგრესს კი ატომური ბომბი წარმოადგენს, ეს ახალი გამოგონება, გამოგონებათა შორის ყველაზე აღმატებულია, რადგან მან შეიძლება მთლიანად გაანადგუროს კაცობრიობა. ამიტომ ბირთვული ბომბი საშიშია მთელი სამყაროსთვის, ეს კი დიდი პერსპექტივაა სახელმწიფოსათვის, რომელსაც ამ გამოგონების საშუალებით ადვილად შეეძლება ადვილად დაიმორჩილოს ხალხი და მსოფლიოში გახდეს პირველი სახელმწიფო. „უფრო აღსანიშნავია ის, რაც სამივე სახელმწიფოს უკვე აქვს, ატომური ბომბი - გაცილებით უფრო ძლიერი ყველა იმ იარაღზე, რომლის აღმოჩენასაც დღეს ისინი ლამობენ“(ორუელი, 2011,182).
ფილმში რეჟისორი ტექნოლოგიური პროგრესის საჩვენებლად იყენებს ტელეეკრანს, რომელიც თითქმის ყველგან არის დამონტაჟებული. იგი ყოველთვის ჩართულია და მაყურებელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ადამიანები მასზე არიან დამოკიდებულნი. ისინი ტელეეკრანის საშუალებით იღებენ ინფორმაციას, რომელსაც, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იყენებს საკუთარი იდეოლოგიის განსამტკიცებლად. ფილმის ერთ ეპიზოდში ჩანს თუ როგორ ემალება უინსტონი ტელეეკრანს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ის გარდა ამბების გადმოცემისა, იწერს და ხედავს კიდეც. ეს მტკიცდება იმ ეპიზოდში, როდესაც დილით უინსტონი დგება ეკრანთან პირისპირ და ვარჯიშობს, ტელეეკრანში გამოსახული ქალი კი სწორ მითითებებს აძლევს. გარდა ამისა, ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში ნაჩვენებია როგორ უახლოვდება უინსტონის საცხოვრებელ ადგილს ვერტმფრენი, რომელიც სწორედ ახალი ტექნოლოგიის ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს.
რეი ბრედბერის რომანში 451 გრადუსი  ფარენჰაიტით მეცნიერული ტექნოლოგიების შექმნა  კიდევ უფრო შორს არის წასული. უახლესი ტექნოლოგიები, რა თქმა უნდა, მასობრივი მოხმარების საგნებია, რომელებსაც სახელმწიფო იყენებს ადამიანთა დასამორჩილებლად და სახელმწიფო პოლიტიკის გასატარებლად. „ტექნიკამ, მასობრივმა მოთხოვნილებამ და იმ მცირე ჯგუფების დაწოლამ მადლობა ღმერთს, ამ დღემდე მოგვიყვანა და დღეს მათი წყალობით მუდამ ბედნიერია ადამიანი“ (ბრედბერი,2013, 69) - ამბობს ბიტი.
 ნაწარმოებში ყურადღებას იქცევს სატელევიზიო კედლები, რომლითაც შეგიძლია უყურო და ესაუბრო ათასობით ხალხს და მათთან ერთად იცხოვრო. „ჩვენ რომ მეოთხე კედელი გვქონდეს, მაშინ ეს ოთახი თითქოს მარტო ჩვენი კი აღარ იქნებოდა, არამედ, ათასნაირი არაჩვეულებრივი ხალხიც იცხოვრებდა აქ“(ბრედბერი, 2013,27). ადამიანთა ნაცვლად მომუშავე რობოტები, „ბანკში ადამიანთა ნაცვლად რობოტები ემსახურებოდნენ კლიენტებს“ (ბრედბერი,2013,110).
მექანიკური ძაღლი, რომელსაც ადამიანების დასაჭერად იყენებდნენ, სწრაფი მანქანები და სხვა.
რომანში 451 გრადუსი ფარენჰაიტით ნახსენებია ჩვენი კაცობრიობის უდიდესი აღმოჩენა - ატომური ბომბი, რომელსაც შეუძლია რამდენიმე წუთში გაანადგუროს მთელი კაცობრიობა. სახელმწიფო კი ცდილობს ამ უახლესი გამონაგონის მეშვეობით გაბატონდეს მსოფლიოში და დაიმორჩილოს ხალხი. „1960 წლიდან ჩვენ ორი ატომური ომი დავიწყეთ და გავიმარჯვეთ!“ (ბრედბერი,2013,86). 
ამგვარად, ატომური ბომბი ის უდიდესი საშიშროებაა, რომელიც ემუქრება კაცობრიობას. ხოლო მასთან ერთად სხვა ტექნოლოგიურ მიღწევებს სახელმწიფო იყენებს  საკუთარი იდეოლოგიის განსამტკიცებლად.
ფილმში მეცნიერული პროგრესისა და ტექნოკრატიზმის მოტივის გადმოსაცემად რეჟისორი სხვადასხვა საშუალებებს იყენებს. ფილმის დასაწყისშივე მაყურებლისთვის შესამჩნევი ხდება ახალი ტექნოლოგიების სიმრავლე. ეს ფილმის დასაწყისშივე ჩანს, როდესაც ნაჩვენებია სახლის სახურავებზე დამონტაჟებული უამრავი ანტენა. აღსანიშნავია, რომ იგი ყოველი სახლის სახურავზე დგას  და მეტყველებს იმაზე, რომ ახალი ტექნოლოგიები საზოგადოებისათვის მასიური მოხმარების საგანადაა ქცეული.
მართალია, ფილმში არ არის გამოყენებული ის უახლესი ტექნოლოგიები, რომლებზეც რომანშია საუბარი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რამ ბევრი რამ ჯერ არ გამოუგონიათ ან მასიური მოხმარების საგანი არ გამხდარა. მაგალითად,  მექანიკური ძაღლი, ბანკებში მომუშავე რობოტები და ასე შემდეგ, თუმცა ფილმში ტექნოლოგიური პროგრესი მაინც ადვილად შესამჩნევია, რადგან რეჟისორი ცდილობს გადმოსცეს ის მთავარი მოტივი, რაც ნაწარმოებშიც და ზოგადად, ანტიუტოპიური ჟანრის რომანშიც დიდ როლს ასრულებს. ფილმში ყურადღება გამახვილებულია მეტროსადგურზე, რომელიც ტექნოლოგიურად დახვეწილ სიახლეს წარმოადგენს.
რეჟესორი ყურადღებას ამახვილებს ტელეეკრანებზე, რომელიც სახლის ყოველ კუთხეში დგას. ადამიანებს კი მათი საშუალებით შეუძლიათ  ესაუბრონ ერთმანეთს და დაინახონ კიდეც. გარდა ამისა, ფილმში შესამჩნევია ტელეფონების სიმრავლეც, რომელიც თუთქმის ყველგან არის დამონტაჟებული. ეს კარგად ჩანს იმ ეპიზოდში, როდესაც გაი მონტეგი ცოლის გადასარჩენად ურეკავს სასწრაფო დახმარების ექიმს. ტელეფონზე საუბრისას იგი სახლის სხვადასხვა კუთხიდან ერთვება ექიმს. ახალი ტექნოლოგიების სიმრავლის ჩვენება კი იმაზე მეტყველებს, რომ ეს ნივთები საზოგადოებისთვის დიდ საჭიროებას წარმოადგენს, მეტიც, ისინი მათზე არიად დამოკიდებულნი.

შემოქმედებითი გონის ნიველირების მოტივი


ანტიუტოპიურ რომანში შემოქმედებითი გონი მხოლოდ საზოგადოების წყობას  ემსახურება. ყოველი ცალკეული ინდივიდის შემოქმედება კი იზღუდება თუ ის არ არის სახელმწიფოსათვის მისაღები.  ასეთ სამყაროში ხელოვნება ჩარჩოშია მოქცეული და მხოლოდ სახელმწიფო იდეოლოგიის გავლენით ვითარდება. სახელმწიფო ქმნის ახალ ადამიანს, ახალი იდეოლოგიით, ამიტომ მისთვის ხელოვნება წარმოადგენს საფრთხეს, რადგან შემოქმედებით უნარში გამოიხატება ადამიანის პიროვნული ხედვა. სახელმწიფო იდეოლოგიის მიხედვით კი ხელოვნებაში ნებისმიერი განსხვავებული ხედვა იკრძალება. ხელოვნება აგრძელებს არსებობას თუმცა ერთი განსხვავებით ის უნდა იდგეს სახელმწიფო სამსახურში.
            კულტურის ნებისმიერი გამოვლინება ულმობლად ნადგურდება ანტიუტოპიურ რომანში: იღუპება კულტურის უძველესი ძეგლები, ინგრევა არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშები, იყიდება ძვირფასი ხელნაწერები, ნივთები, აღარავინ კითხულობს წიგნებს, მათ საჯაროდ წვავენ ,,მოქალაქეთა გონებრივი ჰიგიენის“ მიზნით (რატიანი,2005,106).
რომანში 1984 შემოქმედებითი გონის ნიველირების მოტივი მკითხველისთვის თვალსაჩინოა. მწერალი ცდილობს  თვალსაჩინოდ დაგვიხატოს ის პროცესები, რომელიც ხორციელდება ხელოვნების სხვადასხვა დარგის წინააღმდეგ. ნაწარმოებში ნაჩვენებია თუ როგორ განადგურდა უძველესი ხელოვნების ნიმუშები. მაგალითად, წმინდა კლიმენტის ეკლესია, რომელიც უკვე აღარ არსებობს. „ვიცი ეს შენობა, - ხმა ამოიღო უინსტონმა, - დღეს უკვე ნანგრევებად არის ქცეული“ (ორუელი,2011,92).
ძველი ცივილიზაციისგან თითქმის აღარაფერია დარჩენილი. ყველაფერი გადაკეთდა  წარსულის ყოველდღიური ცვლის გამო. ხელოვნება ნელ-ნელა ექვემდებარება სახელმწიფო იდეოლოგიას.
მუდმივი გადაკეთების ეს პროცესი მოიცავდა არა მარტო გაზეთებს, არამედ წიგნებს, ჟურნალებს, ბროშურებს, პლაკატებს, პროკლამაციებს, ფილმებს, ხმოვან ჩანაწერებს, მულტფილმებს, ფოტოსურათებს - ყველა სახლის ლიტერატურასა და დოკუმენტაციას, რომელსაც შეიძლებოდა რამენაირი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონოდა(ორუელი,2011,40).
ისტორიული ფაქტები მუდმივ ჩასწორებებსა და ცვლილებას განიცდის. ეს კი ხდება იმდენჯერ, რამდენჯერაც სახელმწიფოს სჭირდებოდა. გარდაქმნისა და ჩასწორების პროცესი ისტორიის გარდა ხელოვნების სხვა დარგებსაც  ეხება. სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული, გაანადგუროს მსოფლიოში აღიარებული მწერლების ლიტერატურული ნაწარმოებები ან დამახინჯებული ფორმით შემოინახოს, რომ სახელმწიფო იდეოლოგიის ფარგლებში მოაქციოს. „2050 წლისთვის -ალბათ, უფრო ადრეც - ძველმეტყველებისაგან კვალიც აღარ დარჩება, ისევე, როგორც წარსულის მთელი ლიტერატურისაგან. ჩოსერი, შექსპირი, მილტონი, ბაირონი -ყველა იარსებებს მხოლოდ ახალმეტყველების ვარიანტში“ (ორუელი,2011,52).
 ყველაფრის მიუხედავად კი ხელოვნება კვლავ არსებობს, თუმცა ერთი განსხვავებით, ის მხოლოდ სახელმწიფო იდეოლოგიას უნდა ემსახურებოდეს. იქმნება ისეთი ხელოვნების ნიმუშები, როგორიც სახელმწიფოს სჭირდება. ამიტომ ნამდვილი ხელოვნება კარგავს თავის ფუნქციას, მისი ერთადერთი დანიშნულება კი სახელმწიფო იდეოლოგიის ქებაა:  „ამ მომენტში ყველამ ერთად წამოიწყო სიმღერა - ღრმა, ნელი, რიტმული: ,,ბი-ბი! ბი-ბი! ბი-ბი!“ (ორუელი, 2011,18).
ფილმში 1984  რეჟისორი სხვადასხვა ხერხებით ცდილობს შემოქმედებითი გონის ნიველირების მოტივი გადმოსცეს. პირველ რიგში , აღსანიშნავია მუსიკალური გაფორმება, რომელიც გადმოსცემს საზოგადოების პატრიოტულ განცდას. ორწუთეულზე შეკრებილი საზოგადოება იწყებს სიმღერას, რომელიც სახელმწიფოს სადიდებლად არის შექმნილი. აღსანიშნავია ის ფაქტი, ეს სცენა ფილმში ორჯერ მეორდება.  რეჟისორი ამ კადრებით აცოცხლებს ნაწარმოებში მოთხრობილს. სიმღერის მიმდინარეობის დროს კადრში ფიქსირდება სხვადასხვა პიროვნების სახეები, რაც მეტყველებს იმაზე, თუ რა გრძნობით არიან ისინი აღვსილნი სახელმწიფოს მიმართ.
ფილმი გაჟღენთილია პატრიოტული თემატიკის სიმღერებით.  ამ მხრივ მნიშვნელოვანი ეპიზოდი მატარებელში ვითარდება, როდესაც უინსტონი მიდის ჯულიასთან შესახვედრად. ხალხით სავსე მატარებელში მოზარდები, რომელთა ჩაცმულობაც კი მიუთითებს სახელმწიფო იდეოლოგიის გავლენაზე, მღერიან სიმღერას. ამ სიმღერის შინაარსი კი მეტად საინტერესოა, რადგან  იგი წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ გამიზნულად შექმნილ ნაწარმოებს, რომლის შინაარსიც მოგვითხრობს თუ როგორ აშენებენ ისინი საკუთარ მომავალს, რომელიც კლდესავით ძლიერია. მათ უყვართ ომი და შიში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო გამიზნულად ცდილობს ამგვარი სიმღერებით ბავშვობიდანვე ჩაუნერგოს ამგვარი სულისკვეთება. რეჟისორის მიერ ჩართული ეს სცენით ცდილობს მაყურებელს ადაანახოს სახელმწიფოს გავლენა კულტურაზე.
რომანში 451 გრადუსი ფარენჰაიტით შემოქმედებითი ნიველირების მოტივი ნაწარმოების მთავარ თემად არის გამოტანილი.  სახელმწიფო ებრძვის განათლებულ ხალხს.  წიგნების კითხვა კანონით იკრძალება, მეტიც, მათ წვავენ. სწორედ ამ სამუშაოს ასრულებს გაი მონტეგი. სახელმწიფო სამსახურში მდგარი მეხანძრეები წვავენ წიგნებსა და მასთან ერთად მათ მფლობელებსაც, ვინც კი წინააღმდეგობას გაუწევს: „ეს მშვენიერი ხელობაა. ორშაბათს შილერი დავწვათ, ოთხშაბათს უიტმენი, პარასკევს ფოლკნერი. ფერფლად ვაქციოთ, მერე ფერფლიც დავწვათ! ეს არის ჩვენი პროფესიული დევიზი“(ბრედბერი, 2013,13).
 რატომ არის სახელმწიფო დაინტერესებული წვას წიგნები იქამდე, სანამ არ გაქრება ბოლო წიგნი? ამ კითხვაზე პასუხს ნაწარმოებიდანვე ვიღებთ. სახელმწიფოს მიზანია მასების დამორჩილება და მათი მართვა, მას არ სჭირდება სახელმწიფოში იარსებოს განსხვავებულმა აზრმა : „ ვფიქრობდი წიგნებზე და მივხვდი, რომ ყოველი წიგნის უკან ადამიანი იდგა, ადამიანი ფიქრობდა, მსჯელობდა და დიდი წვალებით ნელ-ნელა გადაჰქონდა თავისი აზრი ქაღალდზე(ბრედბერი, 2013,61), ამიტომ ცდილობს სახელმწიფო ადამიანები აცხოვროს ისე, რომ მათში ჩაახშოს მოაზროვნე გონი. მხოლოდ ახალ-ახალი უმნიშვნელო ფაქტებით ამოუვსოს გონება და ამ გზით შეცვალოს და დაუმორჩილოს იგი სახელმწიფო იდეოლოგიას.
ამოუტენეთ ადამიანებს გონება ცნობებით, ფიტულივით ამოტენეთ ამ წყეული ფაქტებით და ეგონებათ, რომ ბრწყინვალე განათლება მიიღეს. ეგონებათ,რომ აზროვნებენ და წინ მიდიან. სინამდვილეში ადგილზე იქნებიან გაყინული, თუმცა თვითონ ბედნიერად იგრძნობენ თავს, რადგან ასეთი ცოდნა უცვლელია(ბრედბერი,2013,73).
ფილმში 451 გრადუსი ფარენჰაიტით შემოქმედებითი გონის ნიველირების მოტივის გადმოსაცემად, რეჟისორი ცდილობს ფილმში ჩართოს ის ეპიზოდები, რომელშიც მკვეთრადაა გამოიხატული სახელმწიფოს მიერ შემოქმედებითი გონის ჩახშობა. მეხანძრეები საზოგადოების წინაშე წვავენ წიგნებს, რადგან საზოგადოებამ ნახოს თუ როგორ ებრძვის სახელმწიფო სამსახური კანონდაუმორჩილებელ ხალხს, მეტიც, ისინი დადიან ხალხმრავალ ადგილებში და ჩხრეკენ გამვლელებს თუ პარკში დამსვენებელ ხალხს. ისინი თამამად უმოწმებენ ტანისამოსსა თუ ჩანთებს. რა თქმა უნდა, ეს უფლება სახელმწიფოსგან აქვთ დაკისრებული და მეხანძრეებიც პირნათლად ასრულებენ ამ სახელმწიფო დავალებას. 
ფილმში დიდ ყურადღებას იქცევს ეპიზოდი, რომელშიც მეხანძრეები წიგნებს ფანჯრიდან ყრიან, ამ დროს კი პატარა ბავშვი, რომელიც ამ სურათს უყურებს აიღებს წიგნს ხელში, გადაშლის და ათვალიერებს. ეს მომენტი  ერთ-ერთ მეხანძრეს არ გამოეპარება. იგი უყურებს ბავშვის მშობელს და აგრძნობინებენ, რომ მისი შვილი დანაშაულს ჩადის და არღვევს კანონს. დარცხვენილი მშობელი კი ბავშვს წიგნს იძულებით გამოართმევს და დასაწვავად გადააგდებს. ეს სცენა წიგნში არ არის, მაგრამ რეჟისორი ამ ეპიზოდის ჩვენებით ცდილობს მაყურებელს გააცნოს, თუ როგორ იზღუდება საზოგადოებაში წიგნების კითხვა. ბავშვებმმა არც კი იციან რა არის წიგნი.ეს , რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი და აკრძალული.
სახელმწიფო სამსახურებს ეკისრებათ ვალდებულება, რომ აღმოფხვრან და საზოგადოებიდან გააქრონ კანონდაუმორჩილებელი, განათლებული ხალხი, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობენ. ფილმში ნაჩვენებია თუ როგორ ებრძვის სახანძრო სამსახური ასეთ ადამიანებს. სახელმწიფო არამარტო ებრძვის, არამედ სასიკვდილოდაც იმეტებს მათ. რეჟისორი რომანის მიხედვით აცოცხლებს ეპიზოდს, როდესაც სახელმწიფო სამსახური მუშაკებს წიგნების შენახვაში ბრალდებული მოხუცი ქალი თვითმკვლელობამდე მიჰყავთ, ისინი აიძულებენ სახლიდან გამოსვლას, რომ დაწვან მისი წიგნები და დასაჯონ. მეხანძრეები მას უხეშად ექცევიან. მოხუცი ქალი კი მათ წინააღმდეგობას უწევს, მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს წიგნებსა და განათლებას, ამიტომ ის თავის წიგნებთან ერთად თავს იწვავს. სახანძრო სამსახური კი არაფერს აკეთებს მის გადასარჩენად. რეჟისორი ზედმიწევნით ცდილობს ეს ეპიზოდი მთელი სიმძაფრით გადმოსცეს, აჩვენოს მეხანძრეების მიერ იატაკზე დაყრილი წიგნები. რომლებსაც ქარი შლის. კადრებში კი ნაჩვენებია მსოფლიო ხელოვნების შედევრები, მაგალითად, სალვადორ დალის შემოქმედება, რომელიც ერთი ხელის მოსმით იწვება და ნადგურდება. ამ კადრებს კი პერიოდულად ცვლის მეხანძრეების მზადება წიგენის დასაწვავად. ამის შემდეგ კი, როდესაც მოხუცი ქალი გაეხვევა ცეცხლის ალში, ნაჩვენებია თუ როგორ იწვის ისტორიის, მუსიკისა თუ დედაენის წიგნები.
ფილმში თითოეული წიგნის ჩვენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ კუთხით, რომ ამ სახით ცდილობს რეჟისორი აჩვენოს თუ როგორ ნადგურდება კაცობრიობის ძვირფასი მონაპოვარი, ამიტომ რეჟისორი წიგნების წვის ჩვენებას მეორედ, უკვე გაი მონტეგის წიგნების წვით გადმოგვცემს. აქ იწვება შარლოტა ბრონტეს ,,ჯეინ ეარი“,  სელინჯერის ,,თამაში ჭვავის ყანაში“ და სხვები.

შიშის მოტივი


შიშის მოტივი ანტიუტოპიური რომანის ერთ-ერთ კომპონენტს წარმადგენს. იგი განსაზღვრავს მასის მორჩილებას, ამიტომ ანტიუტოპიურ სამყაროში გამეფებულია ტერორი, შიში, წამება, რადგან  მხოლოდ ამ გზით შეიძლება ადამიანების დამორჩილება(რატიანი,2005,106), სახელმწიფო კი მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოებაში დათესოს შიში და შექმნას  ერთპიროვნული საზოგადოება, რომელიც აგებული იქნება წამებაზე თუ ინდივიდის ფსიქოლოგიურ განადგურებაზე. ადამიანი, რომელიც სახელმწიფო იდეოლოგიის მმართველობის საწინააღმდეგოდ მიდის, მას მუდმივად შიშის შეგრძნება ეუფლება, რადგან მან იცის რა მოელის. ინდივიდი კი უძლურია დიდი სახელმწიფო მონსტრის  პირისპირ.
რომანში 1984 ხალხი ცხოვრობს შიშში, სახელმწიფო კი სწორედ ამით ცდილობს დაიმორჩილოს ისინი. ნაწარმოების მთავარ პროტაგონისტს მუდმივი შიშის ქვეშ უწევს ცხოვრება. სახელმწიფო მუდმივი ომის რეჟიმშია. ქალაქში ბომბები ცვივა, რომელიც არავინ არ იცის ვის დაეცემა და ვის იმსხვერპლებს. გარდა ამისა. ხალხს  გამუდმებით უსმენენ, აკონტროლებენ, უკვირდებიან მათ ქცევებსა და მანერებს. ამგვარ საზოგადოებაში კი ადამიანებს ეშინიათ ერთმანეთის, რადგან უბრალო გადაცდომაც კი შეიძლება მისის დასჯის მიზეზი გახდეს. ამგვარი მიდგომა კი წყვეტს ადამიანებს შორის კავშირს.
            მომაკვდინებლად სახიფათო იყო სახეზე ნამდვილი აზრების გამოფენა ხალხმრავალ ადგილებში და ტელეეკრანის არეშიც. უმცირესი დეტალიც კი გაგყიდიდა: ნერვიული მოძრაობა, აღელვებული მზერა, საკუთარ თავთან ბუტბუტი -ყველაფერი ,რასაც ნორმიდან გადახვევის ნიშანი ედო და რაც ამჟღავნებდა, რომ რაღაცას მალავდი(ორუელი,2011,60).
ფილმში 1984 შიშის მოტივის გადმოსაცემად რეჟისორი იყენებს ომის სცენებს, რომელიც რამდენჯერმე მეორდება. სახელმწიფო ჩართულია ომში და არავინ არ იცის ეს ომი როგორ დამთავრდება, რაც მათში შიშის განცდას იწვევს. ომის რეჟიმში ცხოვრება ადამიანების ფსიქიკაზე მოქმედებს, არავინ არ არის დაუცველი. შეიძლება ნებისმიერი მოქალაქე შეიწიროს ომმა, რაც შიშის განცდას იწვევს. ამიტომ რეჟისორი აცოცხლებს სცენას, როდესაც უინსტონ სმიტის გვერდით აფეთქდება ბომბი. ეს სცენა მიზნად ისახავს მაყურებელს აჩვენოს, რომ ადამიანები სრულიად დაუცველნი არიან. ისინი შეიძლება ნებისმიერ დროს შეეწირონ ნაღმს, რომელიც კაცმა არ იცის სად ან როდის აფეთქდება.
ფილმში მუდმივად იგრძნობა შიშის განცდა, რადგან აქ გამუდმებით აკონტროლებენ ადამიანებს, შიშის განცდა გადმოცემულია იმ ეპიზოდში, როდესაც უინსტონი დგას ეკრანის წინ ფანჯარასთან და ფიქრობს, კადრში კი ის ეკრანიდან ჩანს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მას გამუდმებით უყურებენ და აკონტროლებენ. რეჟისორმა კი ამ კადრით გადმოსცა ის, რომ ადამიანებს ეშიანიათ ხმამაღლა საუბარისა და ზედმეტი მოქმედებების, რადგან მასში არ დაეჭვდნენ, იმიტომ, რომ აქ ყველამ იცის თუ რა მოელის იმ ადამიანს, რომელსაც  შეამჩნევენ სახელმწიფო იდეოლოგიისაგან გადაცდომილ აზრს. ეკრანის გარდა, თვითონ ადამიანებიც კი გამუდმებით ათვალიერებენ ერთმანეთს, რომ მათგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი აღმოაჩინონ, ამიტომ ხალხი ერთმანეთს უსმენს, ჭამის დროს, როდესაც უინსტონ ესაუბრებიან, სამსახურში, როდესაც მას უყურებენ.
შიშის მოტივი განსაკუთრებით იკვეთება უინსტონ სმიტის დასჯის პროცესში. ფიზიკური ტკივილითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით თუ როგორ ცდილობს სახელმწიფო ადამიანის დამორჩილებას.
რომანში 451 გრადუსი ფარენჰაიტით შიშის გრძნობას იწვევს სახელმწიფო იდეოლოგიისა და კანონების დარღვევა, რადგან მათ იციან, რომ ამ შემთხვევაში ისინი მოსწყდებიან ,,ბედნიერ ცხოვრებას“ და სახელმწიფოც მათ წინააღმდეგ აღდგება. ნაწარმოებში კარგად ჩანს თუ რა რეაქცია აქვს მილდრედს, როდესაც გაი მონტეგი მას მოპარულ წიგნებს აჩვენებს. „მილდრედმა უკან დაიწია, ისეთი შეშინებული იყო, თითქოს იატაკიდან თაგვების ხროვა ამოხტაო. ქალი ჩქარა-ჩქარა სუნთქავდა, სახე გაჰფითრებოდა, თვალის გუგები გაჰფართოებოდა“(ბრედბერი, 2013,78).
საზოგადოებას მუდმივად ომის რეჟიმში უწევს ცხოვრება, ციდან ჩამოვარდნილი ჭურვები არავინ არ იცის სად დაეცემა და ვის იმსხვერპლებს. ომი მუდმივად მიმდინარეობს და საზოგადოებაც მიჩვეულია მუდმივ ომის რეჟიმს.
სადღაციდან  რადიოს ზუზუნი ისმოდა: ,,ომი ყოველ წუთს შეიძლება გამოცხადდეს. ჩვენი ქვეყანა მზად არის, დაიცვას თავი. სახანძრო სადგურმა ზანზარი დაიწყო- რეაქტიულ ბომბდამშენთა გუნდმა სტვენით გადაკვეთა განთიადის პირქუში ზეცა(ბრედბერი,2013,40).
შიშის მოტივი ფილმში უფრო მეტი სიმძაფრით არის გადმოცემული. მართალია ფილმში არ არის ნაჩვენები ომი და ქალაქებში ჭურვების ცვენა, მაგრამ რეჟისორი ცდილობს სიღრმისეულად წარმოაჩინოს ის საზოგადოება, რომელსაც სახელმწიფო მუდმივ შიშში აცხოვრებს. ფილმში გამოიხატება შიში კანონის დარღვევისა და დასჯისა, ეს კი იმ ეპიზოდიდან ჩანს, როდესაც ახალგაზრდა ბიჭს ტელეფონზე ურეკავენ გასაფრთხილებლად გაიქცეს სახლიდან მეხანძრეების მისვლამდე. ამის გარდა, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ის ეპიზოდი, რომელშიც პატარა ბავშვი დასწვდება დასაწვავად გამზადებულ წიგნს, მშობელი კი დარცხვენილი და შიშის გრძნობით აღვსილი აგდებინებს ხელიდან, რათა მეხანძრეებმა ისიც არ დასაჯონ. (05:40) ამ მონაკვეთებიდან კარგად ჩანს შიში, რომელიც არა მხოლოდ დანაშაულის ჩამდენს იპყრობს, არამედ უდანაშაულო ადამიანსა, რადგან ზედმეტად კანონის გადახვევაც კი კანონით ისჯება.
 კანონის მორჩილების გარდა, ფილმში ნაჩვენებია თუ რა მეთოდებით ხდება ხელქვეითების დაშინება უფროსის მიერ, ეს ჩანს იმ ეპიზოდიდან, როდესაც ფილმში წარმოდგენილი მეხანძრეთა უფროსი ცემითა და მუქარით ეჩხუბება ხელქვეითებს. იგი ამ მეთოდებით ცდილობს გავლენა მოახდინოს მათზე და შიშის გრძნობით აავსოს ისინი.(25:55)
კანონის დარღვევის შიში გამოიხატება იმ ეპიზოდში, როდესაც გაი მონტეგს საკუთარი მეუღლე დაასმენს.  გაი მონტეგი მეუღლესა და მის მეგობრებს წაუკითხავს წიგნიდან ერთ-ერთ მონაკვეთს. შიში გამო ის დაასმენს ყველაზე ადრე მონტეგს, რადგან ამ გზით თავისი უდანაშაულობაც დაამტკიცოს ამის შემდეგ კი იგი სახლიდან მიდის. მეუღლესთან ცხოვრებას წყვეტს. (1:24:55) ამ ეპიზოდებიდან კარგად ჩანს  კანონის დარღვევის შიში, რომელიც ოჯახზე და სიყვარულზე მაღლა დგას.
დასმენა ჩვეულებრივ ამბად არის ქცეული. ადამიანები ასმენენ ერთმანეთს კანონის დაცვის მიზნით და ამასობაში კარგავენ ადამიანურ თვისებებს, მათ კი ამ ნაბიჯს შიშის გრძნობა ადგმევინებთ, რადგან თვითონ გადარჩნენ. ამიტომ ფილმში ნაჩვენებია შუახნის მამაკაცი, რომელიც სახანძრო სამსახურის ფოსტაში ადგებს წერილს, რომელშიც ასმენს მათ, ვისზეც ეჭვი აქვს. ამას კი შიშითა და ნერვიული მოძრაობებით აკეთებს, რადგან გადმოსცეს მთავარი, შიშის განცდა.

ოჯახური ტრადიციის დესტრუქციის მოტივი


ანტიუტოპიურ რომანში დარღვეულია ოჯახური ტრადიციები. ოჯახი, რომელიც ადამიანისთვის მიკრო სამყაროს წარმოადგენს, საზოგადოების ერთპიროვნულ   წყობაში კარგავს ფუნქციას. ნებისმიერი ინდივიდისთვის მხოლოდ სახელმწიფო წარმოადგენს ოჯახს, ამიტომ ანტიუტოპიურ რომანში წარმოდგენილია ოჯახური ტრადიციების რღვევა. ხშირ შემთხვევაში ადამიანები იზრდებიან ოჯახის გარეშე.  ოჯახის ფუნქცია დაიკარგა, რადგან ოჯახური წეს-წყობა, ადამიანის ინდივიდუალიზმს უწყობს ხელს.
 სექსუალური ცხოვრებაცა და ოჯახიც, უტოპისტების თვალსაზრისით, სახელმწიფო მექანიზაციის სამსახურში მყოფი ბერკეტებია, რომელთა სისწორე, სიმყარე და სტაბილურობა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წარმოების მაღალ ხარისხს(რატიანი,2004,111).
რომანში 1984 უინსტონს მხოლოდ ღრმა ბავშვობიდან დარჩა მეხსიერებაში ოჯახი, დღეს კი მას თავისი ოჯახის წევრიც რომ შეხვდეს ვერც იცნობს. გამწყდარია ურთიერთობა დედა-შვილს შორის, რომლებსაც დაურღვეველი და ყოველივე გრძნობაზე  აღმატებული სიყვარული აერთიანებეთ. უინსტონს მხოლოდ ღრმა ბავშვობიდან ახსენდება დედა ან სიზმარში ესიზმრება. იგი იზრდებოდა მარტო და მოკლებული იყო დედობრივ სიყვარულს. სახელმწიფო იდეოლოგიის მიხედვით ოჯახს სრულიად სხვა ფუნქცია ეკისრება. მან სამშობლოს, დიდი ძმისა და სახელმწიფო იდეოლოოგიისათვის მოსიყვარულე და თავგანწირული ფანატიკოსი უნდა აღზრდოს, რომელიც სახელმწიფო იდეოლოგიისთვის გასწირავს თვით მშობელსაც კი. “ბავშვების გაჩენა და აღზრდა პარტიის სამსახურისთვის: აი, ქორწინების ერთადერთი აღიარებული მიზანი“(ორუელი,2011,63).  ამის მაგალითად ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ ამ რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი - პარსონსი, რომელსაც შვილი დაასმენს აზრის პოლიციაში, რადგან სახელმწიფო იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ ძილში ალაპარაკდა. (ორუელი,2011,221).
ოჯახი ორი ადამიანის სიყვარულის ერთობას ნიშნავს, თუმცა ეს იდეა სახელმწიფო სტრუქტურამ გამოაცალა. ადამიანების ქორწინება მხოლოდ ვალდებულებად არის ქცეული, რადგან ოჯახის ერთადერთი ფუნქციაა გამრავლება. ამიტომ იკრძალება გადაჭარბებული ინტიმური ურთიერთობები, სექსი მოვალეობაა და არა სიამოვნება.
            მტრულად ეკიდებოდნენ არა იმდენად სიყვარულს ,რამდენადაც ეროტიკას, -როგორც ქორწინებაში, ისე მის გარეთ. ყველა ქორწინება პარტიის წევრთა შორის საგანგებო კომისიას უნდა დაემტკიცებინა და თუმცა ეს პრინციპი ხმამაღლა არავის გამოუთქვამს, ქორწინების ნებართვა არ ეძლეოდა იმ წყვილს, რომელსაც ფიზიკურ ურთიერთლტოლვას ამჩნევდნენ(ორუელი,2011,63).
ფილმში კი ოჯახური ტრადიციების დექსტუქციის მოტივს რეჟისორი თვალსაჩინოდ  წარმოგვიდგენს. უინსტონს ესიზმრება თავისი ბავშვობა. იგი მირბის დანგრეულ ქალაქში, რომლისგანაც აღარაფერი აღარ არის დარჩენილი. ის სრულიად მარტოა. (11:30) უინსტონს ღრმა ბავშვობიდან ახსოვს დედა. მას შემდეგ გი იგი სრულიად მარტო იზრდება. სახელმწიფოს მიზანია გაწყვიტოს დედა-შვილს შორის სიყვარული და მათ შორის ჩადგეს, რადგან ადამიანის ერთადერთ დანიშნულებად მიიჩნევა სახელმწიფოს სიყვარული. ამის გადმოსაცემად რეჟისორი აცოცხლებს კადრს, როდესაც პატარია უინსტონი თავზე ადგას მკვდარ დედას, რომელსაც ვირთხები სჭამენ. ვირთხების ჩვენება კადრში მიანიშნებს იმაზე, რომ ის მტერია და არავის სჭირდება, ამიტომ ის ვირთხების საკვებადაა გამხდარი. ამ კადრების ხილვისას უინსტონს ო’ბრაიანი უახლოვდება და უთანაგრძნობს. ო’ბრაიანი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახელმწიფო იდეოლოგიის თავდაუზოგავი მონაა. (28: 20) სწორედ ამ ეპიზოდში გამოიკვეთა თუ როგორ ებრძვის სახელმწიფო იდეოლოგია მტრებს და როგორ აშორებს მათ შვილებს. რომლებიც შემდეგ სახელმწიფო იდეოლოგიის გავლენას განიცდიან.
ოჯახური  ტრადიციების რღვევას რეჟისორი წარმოაჩენს მისის პარსონსის ოჯახის სცენით. კადრში ჩანს თუ როგორ უყურებენ ტელეეკრანზე ბავშვები მტრების ჩამოხრჩობას. მათ აცვიათ სახელმწიფოს მიერ შეკერილი ფორმა, რომელზეც გამოსახულია ინგსოცის გერბი. ეს კადრები მიუთითებს იმაზე, რომ მათი აზროვნების ჩამოყალიბებას სახელმწიფო მართავს. იზრდებიან ოჯახში, მაგრამ სახელმწიფო იდეოლოგიით.
სახელმწიფო ღრმად სწვდება ადამიანთა პირად ცხოვრებას. იგი ცდილობს მათში ჩაკლას ვნება. ამიტომ ფილმშიც რამდენჯერმე არის ნაჩვენები ანტისექსუალური ლიგა. ფილმში ნაჩვენებია კადრები, რომელშიც მიმდინარეობს ლექცია ამ სახითხის შესახებ. ეს ლექცია მიზნად ისახავს დამოძღვროს დამსწრე საზოგადოება და თავს მოახვიოს სახელმწიფოს შეხედულებები. ამ სცენას უინსტონიც ესწრება.
რომანში 451გრადუსი ფარენჰაიტით ოჯახური ურთიერთობები მხოლოდ მოვალეობადაა ქცეული. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი დაოჯახებულია ქალზე, რომელსაც იგი რეალურად არ იცნობს, რადგან მათ მხოლოდ თანაცხოვრება აერთიანებს. ოჯახურ ტრადიციები დარღვეულია. ადამიანები მოვალეობის მიზნით ცხოვრობენ ერთმანეთთან.
 ჰოდა, ვითომ რატომ არ უნდა შეიძინოს პატარა გადამცემი აპარატი. რომ გვიან ღამოთ გაესაუბროს საკუთარ ცოლს, - ეჩურჩულოს, მიესიყვარულოს, უყვიროს, შესჩივლოს, გაუწყრეს. მაგრამ რას უჩურჩულებს, რაზე უყვირებს, რას ეტყვის? და უეცრად, მას ისე უცხოდ მოეჩვენა ეს ქალი, რომ ეჭვიც კი შეეპარა, - ვიცნობ თუ არაო. მონტეგი უცხო სახლში მოხვდა(ბრედბერი, 2013, 51).
რომანში არ ჩანს სიყვარული ოჯახის წევრებს შორის, დარღვეულია კავშირი დედა-შვილს შორის. ეს კარგად ჩანს მისის ფელპსისა და მისის ბაუელსს შორის, როდესაც ისინი საუბრობენ შვილის გაჩენის უმნიშვნელობაზე და შვილების თავიდან მოშორებაზე: „ორივენი სკოლაში გავყარე და ათ დღეში ერთხელ მოდიან შინ. ასე რომ,  თვეში სამ დღეს ვნახულობ. ამას გაუძლებს კაცი, რადგან მაშინაც სასტუმრო ოთახში შევყრი და კედლებს ჩავურთავ ხოლმე“(ბრედბერი,2013,116).
ოჯახური რღვევა მიზანმიმართულად ხორციელდება სახელმწიფოს მიერ. სახელმწიფო ცდილობს ბავშვები ყრმობის ასაკიდანვე დააშოროს მშობლებს, რომ აღზარდონ სახელმწიფო მოქალაქე.
             მემკვიდრეობა და გარემო მეტად უცნაური რამაა. რამდენიმე წელიწადში ყველა სისულელისგან ვერ გათავისუფლდები. ოჯახს შეუძლია გააქარწყლოს ბევრი რამ, რასაც სკოლაში უნერგავენ ბავშვებს. სწორედ ამიტომ იყო, რომ  ყოველ წელიწადს სულ უფრო და უფრო მცირე ასაკის ბავშვები შეგვყავდა საბავშვო ბაღში. და ახლა თითქმის აკვნიდან ამოგვყავს ჩვილები (ბრედბერი,2013,72).
 როგორც ვხედავთ, ოჯახის ცნებას გამოეცალა სიყვარულის, ნდობის, ერთიანობის, ინდივიდუალურობის მოტივი. სახელმწიფო იდეოლოგია მისწვდა ადამიანისათვის ყველაზე საკრალურსა და წმინდა კავშირებს და ცდილობს მის დაშლას.
ფილმში 451 გრადუსი ფარენჰაიტით რეჟისორი ცდილობს წარმოაჩინოს ოჯახური ტრადიციის დესტრუქციის მოტივი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანტიუტოპიური ჯანრის რომანებსა თუ ფილმებში, ამიტომ იგი გაი მონტეგის ოჯახურ მდგომარეობასა თუ მის რღვევას თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს. მისი მეუღლე, რომელსაც მისგან სრულიად განსხვავებული შეხედულებები და ინტერესები აქვს, ანგრევს ოჯახს. აქ კი მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ ,თუ რამ განაპირობა ოჯახური რღვევა. მონტეგმა დაარღვია კანონი. წიგნების კითხვა დაიწყო, ეს კი საშიში საქმეა, რადგან სახემწიფო კანონის დარღვევას არ პატიობს, მეტიც, იგი მთელი სიმკაცრით სჯის ასეთ ადამიანებს, ლინდასთვის კი სახელმწიფო კანონები უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოჯახი. ამიტომ იგი საკუთარ მეუღლეს თავისი ხელით  ასმენს სახანძრო სამსახურში, რადგან თვითონ არ დაისაჯოს მეუღლესთან ერთად. ფაქტობრივად, იგი სწირავს ქმარს სახელმწიფო კანონის დარღვევის გამო, ეს კი იმის მანიშნებელია, რომ მისთვის ოჯახი არ არის წმინდათაწმინდა კავშირი. ამ კადრების ჩვენებისას მაყურებელს უჩნდება აზრი, რომ სახელმწიფო მეტისმეტად მკაცრად ერევა ოჯახურ ურთიერთობებში. იგი ცდილობს, რომ ადამიანებმა ოჯახზე მაღლა სახელმწიფო იდეოლოგია დააყენონ და იცხოვრონ მხოლოდ სახელმწიფოსთვის.

ფსევდოკარნავალური და ფსევდორიტუალური მოტივი


ფსევდოკარნავალური და ფსევდორიტუალური მოტივი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ანტიუტოპიურ რომანში. როგორც ირმა რატიანი განმარტავს:
კოლექტიური აზროვნების ნაყოფის კონსტრუირებას ედება საფუძვლად ფსევდოკარნავალური თემატიკა ანტიუტოპიურ რომანში.>> (რატიანი2005. გვ.117) მაინც როგორ ხდება ეს? იგი ეყრდნობა მ.ბახტინის კვლევებს და ცდილობს წარმოგვიდგინოს ფსევდოკარნავალური მახასიათებლები. პირველ რიგში აუცილებელია დავასახელოთ დროის უწყვეტობა, რადგან ფსევდოკარნავალი კარნავალისგან სწორედ დროის უწყვეტობით გამოირჩევა. << დროის უწყვეტობა, ულიმიტო ხანგრძლივობა წარმოადგენს ფსევდოკარნავალური ატმოსფეროს ძირითად მახასიათებელს და განასხვავებს მას კარნავალის ,,დროებითობისაგან“>> (რატიანი,2005,118).
  აქედან გამომდინარე, ფსევდოკარნავალის მუდმივობა განამტკიცებს დიქტატურისა და ადამიანისათვის თავსმოხვეული იდეოლოგიისა და დიქტატურის მუდმივობას. ამის შესანარჩუნებლად კი ანტიუტოპიურ რომანში ერთადერთი გზა შიშის მოტივის დანერგვაა სახელმწიფოს მიერ.  გარდა ამისა, ფსევდოკარნავალი ცდილობს, ყველა გაათანაბროს არსებული იდეოლოგიური სისტემის წინაშე( რატიანი, 2004,121).  როგორც აღვნიშნეთ, ფსევდოკარნავალი სახელმწიფოს მიერ არის მართული და მიმართულია შიშისა და საზოგადოებაში განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანთა ზიზღისთვის, ანტიუტოპიურ რომანში კი ეს მოტივი ასრულებს სახელმწიფო პროპაგანდას, რომელიც გვევლინება დაუსრულებლად, რადგან სახელმწიფო სტრუქტურების წყობა და ფსევდოკარნავალური თუ ფსევდორიტუალური მოტივი მიზანმიმართულია ერთი იდეოლოგიის განსამტკიცებლად, რომელიც დაუსრულებელია.
 რომანში 1984 ყურადღებას იქცევს ფსევდოკარნავალური და ფსევდორიტუალური მოტივები. ამის მაგალითად ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ „ორწუთეული“. აქ შეკრებილი ხალხი სახელმწიფოს მიერ არის მართული. ის ცდილობს ხალხს მუდმივად ჩაუსახოს ზიზღი მტრებისა და ამასთანავე აჩვენოს , თუ რა მოელის მოღალატეს, რომელიც აღუდგება სახელმწიფო იდეოლოგიას. ნაწარმოებში მწერალი ცდილობს ორწუთეულის მსვლელობის დროს წარმოგვიდგინოს საზოგადოება, რომელიც ბრბოდ არის ქცეული, რომელთა ემოციაც სიგიჟემდეა მისული.
            მეორე წუთში სიძულვილი უკვე სიგიჟეში გადაიზარდა. მაყურებელი ადგილებზე ხტუნაობდნენ და მთელი ხმით ღრიალებდნენ, რათა როგორმე ჩაეხშოთ ეკრანიდან  მოკიკინე ეს ჭკუიდან გადამყვანი ხმა. მთლად გავარდისფერებულ ჟღალთმიან ქალს პირი ნაპირზე გადმოსროლილი თევზივით ეღებოდა-ეხურებოდა. ო’ბრაიანსაც კი ანთებოდა ის ტლანქი პირისახე(ორუელი2011.გვ.16)
მწერალი ცდილობს დაგვანახოს თუ რა დიდი ძალა აქვს ბრბოს, მას შეუძლია ადამიანი უნებლიეთ ჩაითრიოს, მიიმსგავსოს და ჩართოს მასობრივ მოქმედებებში.
             სიძულვილის ორწუთეულის მთელი საშინელება ის კი არ იყო, რომ მაყურებელს ამ პროცესში მონაწილეობას ავალდებულებდა, არამედ ის,  რომ შეუძლებელს ხდიდა მასში ჩაურთველობას. ოცდაათი წამის შემდეგ აღარავის სჭირდებოდა თავის მოკატუნება. შიშისა და შურისგების საზიზღარი ექსტაზი, კაცის კვლის, წამების, მტრის სახეში უროს ცემის მძაფრი სურვილი ელექტროდენივით იღვრებოდა  დარბაზში შეგროვებული ადამიანებისაგან და თითოეულ მათგანს სახეშეშლილ, აღრიალებულ გიჟად აქცევდა(ორუელი,2011, 17).
ფსევდოკარნავალური და ფსევდორიტუალური მოტივის მეორე მაგალითად  შეგვიძლია მოვიყვანოთ ბუფეტი, რომელიც ხალხის თავშეყრის ადგილია და ტყვეების დასჯის პროცესი ,რომლის დროსაც შეკრებილი საზოგადოება ემსგავსება ბრბოს. საზოგადოების თავშეყრის ადგილები წარმოადგენს ფსევდო კარნავალს, რომელიც დაუსრულებელია და ერთგვარ რიტუალად არის ქცეული. სახელმწიფო კი მიზანმიმართულად ქმნის საზოგადოების თავშეყრის ადგილებს, რადგან მასას აყოლილი ადამიანი კარგავს ინდივიდუალურ აზროვნებას. სახელმწიფოსათვის კი მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოება ერთ აზრს დაუქვემდებაროს. ეს აზრი კი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსგან მოდის.
ფილმში ფსევდოკარანავალური და ფსევდორიტუალური მოტივების გადმოსაცემად რეჟისორი დგამს სცენას, რომელშიც უამრავი ხალხია ჩართული. ისინი წარმოადგენენ იმ საზოგადოებას, რომელშიც უინსტონ სმიტი ცხოვრობს. პირველი, რაზეც ჩვენ ყურადღებას შევაჩერებთ, ეს არის სიძულვილის ორწუთეული, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის დადგმული და მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის სახელმწიფო აზრის თავსმოხვევას. ორწუთეულის დროს ეკრანზე ნაჩვენებია, თუ როგორ აშენებენ ისინი სახელმწიფოს, როგორ უპირისპირდება მას მტერი და საშიშროებას ქმნის, რომ მათ მიერ აშენებულ ქვეყანას საფრთხე დაემუქრება. საზოგადოება ამ კადრებს დიდი ინტერესით აკვირდება და მათში ზიზღს იწვევს, რომლის შემდეგაც საზოგადოება დაუმორჩილებელი ხდება. ამ სცენაში რეჟისორი ახლო კადრით აჩვენებს ადამიანთა სახეებს, რომლებიც მიმიკებით  იმ შეგრძნებებს გადმოსცემენ, რაც ნაწარმოებშია წარმოდგენილი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორწუთეულის მიმდინარეობის დროს უმეტესად აქტიურობენ.
ფილმში ნაჩვენებია ბუფეტი, სადაც ხალხი სადილობს. აქ ყურადღებას იქცევს ტანსაცმელი, რომელიც ყველას ერთნაირი აცვია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ აქ შეკრებილი ხალხი არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მეტიც, ისინი ერთ დიდ ბრბოს წარმოადგენენ, როგორც შინაგანად ,ისე გარეგნულად.
ფილმში ყურადღებას იქცევს ტყვეების დასჯის სცენა, რომელშიც წარმოდგენილი საზოგადოება აგრესიული და დაუმორჩილებელი ხდება, რადგან ყველას ერთი მიზანი ამოძრავებს, დახვრიტონ მტერი და ამას სიამოვნებითა და დიდი აგრესიით უყურონ.  აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ რეჟისორი ზედმიწევნით აცოცხლებს იმ კადრებს, რომელიც ნაწარმოებშია.
რომანში 451 გრადუსი ფარენჰაიტით ფსევდოკარნავალური და ფსევდორიტუალური მოტივი იჩენს თავს.  საზოგადოება მოწოდებულია დიდი სანახაობისათვის, სახელმწიფოს კანონების დამრღვევი სახალხოდ ისჯება და საზოგადოებაც დიდი ინტერესით ადევნებს თვალს.  მეხანძრეების გამოჩენა კი ყოველთვის ამგვარ სანახაობას ჰპირდებოდათ მათ.
მეზობელ სახლებში ზედიზედ ინთებოდა ნათურები. ისმოდა კარის გაღების ხმა, ხალხი მოუთმენლად ელოდა სანახაობის დაწყებას. მონტეგი და ბიტი სხვადასხვანაირი გრძნობით მისჩერებოდნენ მათ წინ აღმართულ სახლს: ერთს თავშეკავებული კმაყოფილება ეწერა სახეზე, მეორე თითქოს ჯერაც ვერც კი გამოფხიზლებულიყო ძილისგან. აი, ამ სახლში უნდა შემდგარიყო საცირკო სპექტაკლი - ჩირაღდნების ტრიალი და ცეცხლის ალის ყლაპვა (ბრედბერი,2013,136). 
მონტეგის დევნას ნაწარმოებში სპექტაკლის სახე აქვს. სახელმწიფოსათვის ცდილობს მართოს საზოგადოება ,რის გამოც ის დგამს სპექტაკლებს, რომ ხალხმა იხილოს როგორ ისჯება კანონის დამრღვევი.  ადამიანები, პირადად თუ ტელევიზიით, თვალს ადევნებენ დიდ სანახაობას, მონტეგის დაჭერის პროცესს.
შეუძლია დაინახოს, როგორ შეერჭობა სხეულში მომაკვდინებელი ნემსი იმ მრავალრიცხოვან მოქალაქეთა საამებლად, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ გააღვიძა საყვირების საზარელმა ღრიალმა და ახლა თვითონ ტელევიზორებში უმზერენ ამ ნადირობას, ამ გრანდიოზულ თამაშს, ამ ერთადერთგმირიან კარნავალს (ბრედბერი,20013,159).
ამ შემთხვევაში სახელმწიფო რომ მხოლოდ დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ არ იბრძვის , ეს კარგად ჩანს ნაწარმოებში. სახელმწიფოსათვის მთავარია ხალხისთვის სანახაობა მოეწყოს, ამ თამაშში კი აუცილებლად სახელმწიფომ უნდა გაიმარჯვოს. ამიტომ ის მიმართავს ხერხს, გაი მონტეგის მაგივრად, რომელიც ვერ დაიჭირეს, სრულიად სხვა პიროვნება დაისჯოს. „იმ კაცის სახე ბუნდოვნად გვიჩვენეს. ხომ შენიშნეთ? თქვენი საუკეთესო მეგობარიც ვერ იტყოდა დარწმუნებით, ნამდვილად ვიცანიო. მხოლოდ კონტურები გვიჩვენეს, იცოდნენ, რომ დანარჩენს მაყურებელი წარმოიდგენდა“ (ბრედბერი,2013,175).
ფსევდოკარნავალური თუ ფსევდორიტუალური მოტივი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფილმში. რეჟისორი ცდილობს სხვადასხვა ეპიზოდში აჩვენოს ხალხი, რომლებიც გამოხატავს სახელმწიფო იდეოლოგიის გავლენას საზოგადოებაზე. სწორედ ისინი ქმნიან  კარნავალს, რომელსაც სახელმწიფო გარდაქმნის საკუთარი იდეოლოგიის გასატარებლად. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, თუ სახელმწიფო როგორ ცდილობს საზოგადოებაში გაატაროს კანონები, ამისათვის იგი ქმნის სანახაობებს. ფილმში რეჟისორი აცოცხლებს იმ ეპიზოდს, როდესაც მეხანძრეები სახალხოდ წვავენ წიგნებს. ეს სცენა ხალხისთვის დიდ სანახაობადაა ქცეული. უამრავი ადამიანი ესწრება ამ სცენას. ქალები, კაცები, მოხუცები თუ ბავშვები.  სახელმწიფოს მიზანი კი მკვეთრად იხატება, რადგან თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს რა მოელის მას, თუ კანონს დაარღვევს და წიგნების წითხვას დაიწყებს. აღსანიშნავია , რომ რეჟისორი ამ კადრებში ბავშვებზე ამახვილებს ყურადღებას. ეს იმიტომ, რომ ისინი აღზარდონ კანონმორჩილ პიროვნებებად.
ფილმში ფსევდოკარნავალური ხასიათის მატარებელია მონტეგის დევნა, სადაც რეჟისორი დიდი მონდომებით ცდილობს გადმოსცეს წიგნში მოთხრობილი ამბავი, აჩვენებს ქუჩებში ნელად მოსარულე წითელ მანქანას, რომელიც ხალხს მოუწოდებს გამოვიდნენ გარეთ და ყველამ მიიღოს მონაწილეობა დამნაშავის დაჭერაში, ხალხი კი ამ მოწოდების შემდეგ გამოდის სახლებიდან. სახელმწიფო მიზანმიმართულად რთავს ხალხს დამნაშავის დაჭერაში, რადგან ეს მათთვისაც მაგალითს წარმოადგენს. რეჟისორისათვის კი ეს ეპიზოდი მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგან გამოკვეთილია ხალხის როლი სახელმწიფოში, ამიტომ ეს სცენა შეტანილია ფილმში.

პაროდირების მოტივი


პაროდირების მოტივი ერთ-ერთი მთავარია ანტიუტოპიურ რომანში. პაროდია ნიშნავს საგნის, თვისებისა თუ ადამიანთა სახის დამდაბლებულად, ირონიულად წარმოჩენას. პაროდიის თვისებები შეითვისა ანტიუტოპიურმა ჟანრმა და მისი ერთ-ერთი განმსაზღვრელი გახდა. რამ გამოიწვია ეს? პაროდირება, დაცინვა თუ ირონიულად წარმოჩენა რაიმე მოვლენისა მიზნად ისახავს გამწვავებულად წარმოგვიდგინოს ადამიანისთვის ის ხელშეუხებელი სიწმინდეები, რომლებსაც მიზანმიმართულად ანგრევს სახელმწიფო. როგორც ირმა რატიანი განმარტავს, პაროდირების დამკვიდრება ანტიუტოპიურ რომანში, უკავშირდება პაროდიისათვის დამახასიათებელ მოტივთა დამდაბლებას. ანტიუტოპიურ რომანში დამდაბლებულია ადამიანისთვის ყველაზე საკრალური მოტივები, რომელიც ტექსტში ირონიულად არის წარმოდგენილი (რატიანი, 2004, 124).
პაროდირების მოტივი მიზნად ისახავს მკითხველისთვის მთელი სიმწვავით წარმოაჩინოს სახელმწიფო იდეოლოგიის მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციებისა თუ ადამიანთა ურთიერთობებს შორის. ასევე, მძაფრად წარმოაჩენს იმ კანონების რღვევას, რომლებიც ადამიანებისათვის საკრალურია. რომანში 1984 გასარჟებულია დედა-შვილს შორის გამწყდარი სიყვარული. „სმიტი? -უცნაურია. მეც სმიტი მქვია. იქნებ დედაშენი ვარ? - დააბოლოვა სენტიმენტალურად. შეიძლება დედაჩემია, გაიფიქრა უინსტონმაც. სწორედ იმ ასაკის და გარეგობისაა“ ( ორუელი,2011,216).
ფილმში პაროდირების მოტივი იკვეთება იმ ეპიზოდში, როდესაც რეჟისორი ცდილობს ირონიულად წარმოაჩინოს ადამიანური თუ ოჯახური ურთიერთობების რღვევა. ირონიული დამოკიდებულება ფილმში ხშირად იკვეთება, რადგან გასარჟებულად და დამცირებულად არის წარმოდგენილი ოჯახური თუ ადამიანური ურთიერთობები. იქმნება ახალმეტყველება, რომელიც ერთგვარი პაროდირებაა მშობლიური ენისა და სხვა. ირონიული ხედვა უინსტონის მიმართ იკვეთება მოხუც კაცშიც, რომელის დაცინვით უყურებს უინსტონს დაჭერის პროცესში. ამ კადრში შეიძლება ამოვიკითხოთ, რომ უინსტონი, რომელიც უკანასკნელი ადამიანია ამ საზოგადოებაში. მისი პიროვნული შეხედულებები, წარსულის თავისუფალ ცხოვრებისა თუ სიყვარულზე, მისთვის დამცინავია, რადგან ყველაფერი, რაც უინსტონისთვის საკრალურს წარმოადგენს დაცინვის ობიექტი ხდება. რომელისთვისაც ჯერ კიდევ წმინდაა ოჯახური ურთიერთობები, წარსული, თანაგრძნობა თუ თავისუფლებისკენ ლტოლვა.
პაროდირების მოტივი გვხვდება რომანში 451 გრადუსი ფარენჰაიტით. მასში დამდაბლებულად, ირონიულად არის წარმოჩენილი ის სახელმწიფო სამსახურები, რომლებსაც ამ რომანში სრულიად სხვა ფუნქციები აქვთ შეთვისებული. მაგალითად, მეხანძრეები, რომლებიც განზრახ აჩენენ ხანძარს, იმის მაგივრად, რომ ცეცხლი ჩააქრონ. არქიტექტორები, რომლებსაც გარე ფასადების მშენებლობა განზრახ აუკრძალეს : „ბიძაჩემმა მითხრა, რომ არქიტექტორებმა მოსპეს აივნები, - თქვეს, ფასადს აუშნოებსო, მაგრამ ბიძაჩემმა ისიც თქვა: „მთავარი მიზეზი ეს არ არის, მთავარი ის იყო, რომ არ შეიძლებოდა ხალხი ასე უსაქმოდ მჯდარიყო“ (ბრედბერი, 2013, 76).
როგორც რომანში, ასევე ფილმში 451 გრადუსი ფარენჰაიტით დამდაბლებულად და ირონიულად არის წარმოდგენილი სახელმწიფო სამსახურების მუშაობა. კერძოდ, თვითონ სახანძრო სამსახური, რომელსაც წართმეული აქვს ყველა ის ფუნქცია, რომელიც მას აკისრია, თუმცა რომანშიც და ფილმშიც ის გასარჟებულია. მისი ახალი ფუნქციები სასაცილოა იმ კუთხით,  მეხანძრეები ცეცხლს რომ აქრობენ, აქ კი პირიქით, ისინი წვავენ ყველაფერს. ირონიულ ხასიათს იღებს ფილმში წიგნების წვა, როდესაც რეჟისორი თვალსაჩინოდ გამოჰკვეთს იმ მწერლებსა და წიგნებს, რომელსაც ამ საზოგადოებაში ფასი იმდენად დაკარგული აქვს, რომ მას ერთი ხელის მოსმით ანადგურებენ. რეჟისორი კი ცდილობს მწერლის მიზანი გაამართლოს და დამდაბლებულად წარმოგვიდგინოს ადამიანისათვის ყველაზე საკრალური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების წეს-წყობა.

დასკვნა


ნაშრომის მიზანი იყო ეჩვენებინა რომელი პოლიტიკური პროცესების ფონზე ჩამოყალიბდა ანტიუტოპიური ჟანრი ლიტერატურაში, რომელმაც შემდეგ გადაინაცვლა კინემატოგრაფიაში, როგორც კრიტიკა უტოპიური სოციალური წყობისა.
ინტერმედიალობის თეორიის დახმარებით შევადარეთ ჩვენ მიერ შერჩეული რონამები: 1984 და 451 გრადუსი ფარენჰაიტით, მათზე გადაღებულ ფილმებს, რის შედეგადაც დავინახეთ, თუ როგორ ხდება ანტიუტოპიური ჟანრის მახასიათებლების გადასვლა  ფილმში. რა მეთოდებს მიმართავდნენ რეჟისორები მათ გადმოსაცემად.
რის შედეგადაც გავაანალიზეთ:
1.      ტოტალიტარული რეჟიმი, რომელმაც ფეხი მოიკიდა სხვადასხვა ქვეყნებში და მართვის მთავარ სისტემად იქცა. მან ლიტერატურაში საფუძველი მოუმზადა ანტიუტოპიური ჟანრის ჩამოყალიბებას, როგორც ტოტალიტარულ ქვეყნებში, ისე მის გარეთ.
2.      ჯორჯ ორუელისა და რეი ბრედბერის ლიტერატურულმა შემოქმედებამ წარმოაჩინა რიგი პრობლემები, რომლის წინაშეც შეიძლება კაცობრიობა  აღმოჩნდეს. ადამიანთა მოდგმამ შეიძლება დაკარგოს  ინდივიდუალური აზროვნების უნარი და დაემსგავსოს გაწვრთნილ ცხოველს, ამიტომ მათი კრიტიკა პოლიტიკურ ჭრილში განიხილება და უპირისპირდება ერთპიროვნულ მმართველობას.
3.      ანტიუტოპიური ჟანრი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.  მას აქვს მყარად განსაზღვრული ჟანრული მახასიათებლები. მათი წარმოდგენითა და ინტერმედიალური თეორიის გამოყენებით  შევძელით, ჩვენ მიერ შერჩეულ ნაწარმოებებსა და ფილმებს შორის შედარება-შეპირისპირების გზით, დაგვენახა ანტიუტოპიური ჟანრის გადასვლა კინომატოგრაფიაში.  ამის გადმოსაცემად კი რეჟისორები სხვადასხვა გამოსახვის ხერხებს იყენებენ: მუსიკას, განათებას,  ვიზუალურ, ვერბალურ თუ არავერბალურ მხარეს.





ბიბლიოგრაფია


1.       ბერძენიშვილი, ლევან. 2015. ანტიტოტალიტარული ლიტერატურა. ლიბერალი. №159. 46-49
2.      ბრედბერი,რეი. 2013. 451 გრადუსი ფარენჰაიტით .მთარგმნ. ანდუყაფირ ჭეიშვილი.თბილისი: პალიტრა L.
3.      ბრედბერი, რეი . 2015.  მე მორალისტი ვარ . გზამკვლევი ფანტასტიკის სამყაროში. №1.გვ.64-68
4.      ბეტელჰაიმი, ბრუნო.2010. ტოტალიტარიზმის ფსიქოლოგიური მომხიბვლელობის შესახებ.მთარგმნ. მიქელაძე,მანანა. ჩვენი მწერლობა. №15.გვ.20-24.
5.      გვახარია,გიორგი.2008.ტოტალიტარიზმი და კულტურა.სოლიდარობა.№5.გვ.100-107
6.      გურული.ზვიად.2011. 1984 -წარსული, აწმყო თუ მომავალი.
7.      გურული,ზვიად.2013. ნუ დაწვავთ წიგნებს.კვირის პალიტრა.№2. გვ.4
8.      კინწურაშვილი, მედეა.2008.ინტერტექსტუალური და ინტერმედიალური ალუზიები და რემინისცენციები ჟულიენ გრაკის ნაწარმოებებში.საენათმეცნიერო ძიებანი.ტ.XXVIII. გვ. 147 -155
9.       კინწურაშვილი, მედეა. 2008.ინტერტექსტუალობა, როგორც ტექსტის ინტერპრეტაციის ერთ-ერთი საშუალება. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
10.  მილორავა,ინგა. 2015.რეი ბრედბედერის მშვენიერი იგავი. გზამკვლევი ფანტასტიკის სამყაროში. №1. გვ.72-73
11.  ორუელი, ჯორჯ.2011.1984 .მთარგმნ.დათო აკრიანი.თბილისი: პალიტრა L.
12.  რატიანი,ირმა.2005. ქრონოტოპი ანტიუტოპიურ რომანში. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
13.   ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი. 2010. თბილისი: ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა
14.  ფრომი, ერიკ.2001.ჯორჯ ორუელის ,,1984“. დავით აკრიანი. არილი. № 7, გვ.23-28
15.  ქავთარაძე, ნინო.2009.ინტერმედიალური ურთიერთობები ჟერარ დე ნერვალის მოთხრობაში ,,ორელია“ . scripta manent. №3. გვ. 109 -113
16.  ჩართოლანი,გიორგი.2012. ხელოვნება ტოტალიტარიზმის პერიოდში.  თბილისი: გამომცემლობა კენტავრი
17.  ცინცაძე,მარიამ.2015. რეი ბრედბედერის პორტრეტი -რეი, ანუ ადამიანი მარსიდან.გზამკვლევი ფანტასტიკის სამყაროში. №1.გვ.65-67
18.  Pajevski,irina.intermediality,intertexstuality and remedediation: A literary perspective  on intermediality.http://cri.histart.umontreal.ca/cri/fr/intermedialites/p6/pdfs/p6_rajewsky_text.pdf
19.  http://ac.els-cdn.com/S1877042813000098/1-s2.0-S1877042813000098-main.pdf?_tid=3a94bf64-3563-11e6-917f-00000aab0f6b&acdnat=1466261278_79af544c3954dcf06633d56e12772de5 18. 06.2016. (18:35)


ფილმები





















Comments

Popular posts from this blog

გაკვეთილის გეგმა ,,მარიტა"

ქარრთული ენისა და ლიტერატურის ტესტი მე-9 კლასისათვის

შემაჯამებელი წერა ,, მე-8 კლასი ,, მარიტა", ,,ეშმაკის ქვა"